„ოცნებამ“ ივანიშვილის მიერ რუსეთში უძრავი ქონების შეძენის ინფორმაციას სიცრუე უწოდა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2024
გამოწერა
იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც 11 წელია ისედაც საჯაროა და დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე - სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში უძრავი ქონება შეიძინა, მტკნარი სიცრუეა, ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.
პრესცენტრი გამოეხმაურა „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) - ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას. განცხადების თანახმად, აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“.
„მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. 1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია“, - იუწყება „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახური.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა.
„2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ღიად მიუთითებდა, რომ მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთის დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და სამ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც 11 წელია ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე - სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე“, - განაცხადა მმართველი პარტიის პრესსამსახურმა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს არის იმ 13-წლიანი ისტორიის გაგრძელება, რასაც რიგი უცხოური და ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის კონტროლირებადი მედია განუწყვეტლად ცდილობს განავითაროს, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში მათთვის სასურველი ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს.
განცხადების თანახმად, სტატიის მომზადების პერიოდში კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრეს-სამსახურთან, თუმცა ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული ი იყო ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის, ამიტომაც პრესსამსახურმა უარი თქვა თანამშრომლობაზე.
„ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტყუილებზე აგებული სტატიის გამავრცელებელ მედიას აფინანსებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან „ღია საზოგადოების ფონდი“ (სოროსის ფონდი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და სხვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრესსამსახურმა მოუწოდა სტატიის ავტორს და მის დამსაქმებელ მედიას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ სიცრუეზე დაფუძნებულ პროპაგანდას, შემდეგ ჯერზე თავი შეიკავონ აშკარა ტყუილების ტირაჟირებისგან, ასევე დონორებმა გაიზიარონ პასუხისმგებლობა სიცრუის გავრცელებაზე და შემდგომში საფუძვლიანად გადახედონ მსგავსი მედიების დაფინანსების საკითხს.
ყველა ახალი ამბავი
0