მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადასვლით დაინტერესებულია

© Georgia national football teamგიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა, ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი ცნობილ კლუბ „ლივერპულში" გადასვლითაა დაინტერესებული, წერს ესპანური გამოცემა Cope Valencia.
გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპული“ მამარდაშვილს ალისონ ბეკერის შემცვლელად განიხილავს, ხოლო ბრაზილიელი მეკარის გუნდიდან წასვლამდე კი ქართველ გოლკიპერს პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდში იჯარით გაუშვებენ.
„გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადასვლითაა დაინტერესებული. „ვალენსიისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარის მიმართ ინტერესს ევროპული გრანდები ავლენენ, მაგრამ თავად მამარდაშვილს დიდი სურვილი აქვს, რომ „ლივერპულში“ ითამაშოს", - წერს Cope Valencia.
„ვალენსია“ ტრანსფერის სანაცვლოდ 35-დან 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
ალისონს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უმთავრდება, რის შემდეგაც ბრაზილიელი კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთში გეგმავს.
საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე შეძლო F ჯგუფიდან ოთხი ქულით გასვლა და ტურნირის 1/8-ში თამაში, სადაც ევრო 2024-ის მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა (1:4). ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 23 წლის მამარდაშვილის სატრანსპერო ღირებულება 45 მლნ ევრომდე გაიზარდა. ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერების სიაში პირველი ადგილი მან პორტუგალიელ დიეგუ კოშტასთან გაიყო.
მამარდაშვილმა ევრო 2024-ის ფარგლებში ჩატარებულ 4 მატჩში 29 დარტყმა მოიგერია და მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0