ლაშა ბექაური ოლიმპიურ ოქროს მედალს მესხის სტადიონზე წარადგენს

© photo: Sputnik / Stringerლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2024
გამოწერა
ლაშამ ოლიმპიური ჩემპიონობა პირველად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე იზეიმა, მეორედ კი ოქროს მედალი პარიზის 2024 წლის თამაშებზე მოიპოვა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ) 8 აგვისტოს, 19:45 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ ოქროს მედალს წარადგენს.
ბექაური უეფას კონფერენს-ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში „იბერიისა“ და „ბაშაქშეჰირის“ მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოვა. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე tkt.ge.
31 ივლისს, ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირზე 24 წლის ბექაური ფინალში ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ერთი ოქრო (ლაშა ბექაური), ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაო (ლაშა გურული).
ლაშა ბექაური არის 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 2019 წლის ზაფხულის უნივერსიადის ვერცხლის პრიზიორი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. 2022 და 2023 წლების მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი. კადეტთა შორის საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი, კადეტთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, იუნიორთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის თასის ეტაპების პრიზიორი.
ყველა ახალი ამბავი
0