ჯანდაცვის მინისტრმა თბილისში ლუგარის ლაბორატორიის დახურვის შესახებ განცხადებები უარყო
© Sputnik / STRINGERლუგარის ლაბორატორია
გამოწერა
რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესაძლო დახურვის შესახებ განცხადებები უპასუხისმგებლობაა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.
გუშინ, ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი აშშ-ის ფინანსური დახმარების გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე გამოაცხადა, საქართველოს მთავრობას 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას უჩერებს. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თბილისის „ანტიდემოკრატიული და ტყუილის შემცველი განცხადებები“ არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დახურვაზე არ არის“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა საქმიანობის შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, დასძინა მან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას.
მინისტრმა ოპონენტებს მოუწოდა, არ გამოიყენონ გარკვეული საკითხები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.
„საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არც ერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია, ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება“,- განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შეფერხება არც ერთ პროექტს არ ჰქონდეს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ არამხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ეს არის გლობალურად ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინიციატივები, რომლის განხორციელებაც დაგეგმილად ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს", - განაცხადა სარჯველაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და ამ თემაზე სიმულაციების საფუძველი აღარ იქნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას ყურადღება ჯერ კიდევ 2015 წელს მიაქცია და განაცხადა, რომ ამ დაწესებულებაში აშშ-ის სახმელეთო ჯარის სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფი მოქმედებს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლაა.
მოსკოვის აზრით, ამერიკული და ქართული ხელისუფლება ყველანაირად ცდილობენ დამალონ აშშ-ის არმიის ამ ქვედანაყოფის კვლევების არსი.
ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ეჭვების საფუძველი მისი არასამართლებრივი მოქმედებების შესახებ არ არსებობს. ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ შესთავაზა რუს მეცნიერებს ჩამოსვლა, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიის საქმიანობას და დარწმუნდნენ, რომ აქ სარისკო არაფერი ხდება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ თუ ლუგარის ლაბორატორია მუშაობას შეაჩერებს, შეიქმნება სერიოზული პრობლემა როგორც კვლევების და ბიოუსაფრთხოების კუთხით, ჯანდაცვის სფეროში.
ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ – შსს-ს, ამჟამად კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).