რატომ შეიძლება აშშ-მ შეწყვიტოს ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება?

© photo: courtesy of NEWSGEORGIAლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2024
გამოწერა
რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის ხელისუფლების შესაძლო გადაწყვეტილება თბილისის ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე არ უკავშირდება საქართველოში მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, არამედ ამის უკან გაცილებით მნიშვნელოვანი მიზნები დგას, რის გამოც ქვეყანაზე უსაფუძვლო თავდასხმები ხორციელდება, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუშინ, ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი აშშ-ის ფინანსური დახმარების გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე გამოაცხადა, საქართველოს მთავრობას 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას უჩერებს. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თბილისის „ანტიდემოკრატიული და ტყუილის შემცველი განცხადებები“ არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
„აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გამჭვირვალობის კანონის გამო ხდება ეს ყველაფერი - უფრო დიდი მიზნებია, რის გამოც ხდება დაუსაბუთებელი, უარგუმენტო, მაგრამ ფაქტია, გარკვეული შემოტევა საქართველოზე", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ხანია ზუსტად მოითხოვდა საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის დახურვას და საკმაოდ უცნაურია, რომ ამ საკითხში აშშ-ს და რუსეთის მოქმედებები ემთხვევა.
„ზუსტად ანალოგიურს მოითხოვდა რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში - საერთოდ დახურეთ ლუგარის ლაბორატორიაო. რატომ ემთხვევა ამ შემთხვევაში რუსეთის და ამერიკის ქმედება ერთმანეთს, ცოტა საკვირველია, რბილად რომ ვთქვათ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას ყურადღება ჯერ კიდევ 2015 წელს მიაქცია და განაცხადა, რომ ამ დაწესებულებაში აშშ-ის სახმელეთო ჯარის სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფი მოქმედებს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლაა.
მოსკოვის აზრით, ამერიკული და ქართული ხელისუფლება ყველანაირად ცდილობენ დამალონ აშშ-ის არმიის ამ ქვედანაყოფის კვლევების არსი.
ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ეჭვების საფუძველი მისი არასამართლებრივი მოქმედებების შესახებ არ არსებობს. ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ შესთავაზა რუს მეცნიერებს ჩამოსვლა, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიის საქმიანობას და დარწმუნდნენ, რომ აქ სარისკო არაფერი ხდება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ თუ ლუგარის ლაბორატორია მუშაობას შეაჩერებს, შეიქმნება სერიოზული პრობლემა როგორც კვლევების და ბიოუსაფრთხოების კუთხით, ჯანდაცვის სფეროში.
ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ – შსს-ს, ამჟამად კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
ყველა ახალი ამბავი
0