ბეჩავი სანახაობა - დეპუტატი პრეზიდენტის წინადადებაზე ივანიშვილთან დებატების თაობაზე

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2024
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ისეთი დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსი, როგორიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, ვერასდროს ვერ გამოიწვევს ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, როგორიც არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.
გუშინ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის ივანიშვილთან დებატები გამართოს. „მე არაფერი მაინტერესებს, ვუყურებ ფაქტებს და ვხედავ, საით მიდის ქვეყანა, მაგრამ ის ვალდებულია საზოგადოების წინაშე განმარტოს გარკვეული პოზიციები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„ზედაბალი წონის მქონე პოლიტიკოსი ვერ გამოიწვევს ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია! ასეთი დებატები არ შედგება!“, - განაცხადა ოდიშარიამ.
ოდიშარიას თქმით, გაუგებარია, რაზე შეიძლება ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობის გარანტი და რომელსაც ზურაბიშვილისგან განსხვავებით საზოგადოებაში უდიდესი ნდობა აქვს, ზურაბიშვილმა კი თავისი კარიერა გაურკვეველი განცხადებებით დაიწყო.
„შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბეჩავი სანახაობა იქნებოდა", - განაცხადა ოდიშარიამ.
პრეზიდენტის ინიციატივა არასერიოზულად გამოიყურება, მიაჩნია ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს.
„თუ ვინმე მას გაუმეორებს კითხვას, კვლავაც არის მზად თუ არა, რომ დებატები მოითხოვოს, შესაძლოა, შეცვალოს გადაწყვეტილება. რადგანაც რეალურად მას არ აქვს დებატების შანსი და კალიბრის გათვალისწინებით, არ ვფიქრობ, რომ ეს განცხადება სერიოზულად უნდა იქნას მიღებული“, -განაცხადა სარჯველაძემ.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინისტრის თქმით, ამ განცხადებიდან ჩანს , ისაა, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ფიცი აქვს დადებული, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა უნდა იდგეს, გამოდის ინიციატივით, დებატებში დაუპირისპირდეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს.
„ეს მისი მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომა იყო“,- განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.
ყველა ახალი ამბავი
0