საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა საფრთხეშია?

© SPUTNIK / DENIS ASLANOVლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2024
გამოწერა
რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი აშშ-ის ფინანსური დახმარების გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება ქართული მედია.
31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე გამოაცხადა, საქართველოს მთავრობას 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას უჩერებს. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თბილისის „ანტიდემოკრატიული და ტყუილის შემცველი განცხადებები“ არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
ამასთან, ბლინკენმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა სახის ფინანსურ დახმარებაზეა საუბარი, მხოლოდ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.
„(დაფინანსება – რედ.) არ შეწყვეტილა, არის გარკვეული პროექტები, რაზეც არის ლაპარაკი",- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
კითხვაზე, რა პროექტებზეა საუბარი, იმნაძემ უპასუხა, რომ ჯერ ვერაფერს იტყვის.
ის, რომ აშშ პროექტების ერთ-ერთი მთავარი სპონსორია, დაადასტურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, კითხვაზე, დაკარგა თუ არა ლუგარის ლაბორატორიამ ამერიკული დაფინანსება, გამყრელიძემ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა.
„დადასტურებული ინფორმაცია, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში მე არა მაქვს. რატომღაც მაინც მგონია რომ ჯანდაცვის სფეროდან ეს არ დაიწყება... რა თქმა უნდა, ამერიკელების როლი ძალიან დიდია. ამერიკა ჩვენი ყველაზე მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია, მათ შორის ჯანმრთელობის სფეროში“, -განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, 2018 წლიდან სახელმწიფო აფინანსებს ლაბორატორიული სისტემის ხარჯებს, თუმცა, სერიოზული დახმარება გრძელდება.
„რა თქმა უნდა ცუდი იქნება, თუ ეს პროექტები შეჩერდება, რადგან ეს პროექტები მხოლოდ იმისთვის კი არ არის, რომ კვლევა აწარმოო და მერე სტატია გამოაქვეყნო, ეს ასევე არის პრაქტიკული გამოყენების პროექტები“, - დასძინა მან.
ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ – შსს-ს, ამჟამად კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
ოპოზიციის რეაქცია
თუ ლუგარის ლაბორატორია მუშაობას შეაჩერებს, შექიმნება სერიოზული პრობლემა როგორც კვლევებთან, ისე ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშრებით და ასევე ბიოუსაფრთხოების კუთხით, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ.
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" ახერხებს .რომ თავისი ანტიდასავლური, ანტიამერიკული, ანტიქართული, ანტიევროპული პოლიტიკით დღითი-დღე დაგვაშოროს ცივილიზირებულ სამყაროს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე მმართველი პარტია „ქართული ოცნებას“ ეკისრება თვლის ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.
„ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენთან ურთიერთობის გადახედვის პროცესში არიან და მიმდინარეობს განახლება დახმარების ახალი გზების მოსაძებნად, რათა ის მოსახლეობამდე მივიდეს, ეს გადახედვის პროცესი მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ლილუაშვილმა. .
თავის მხრივ, დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ შეახსენა ყველას, რომ ჯერ კიდევ „გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამდე ყველამ ძალიან მკაფიოდ აუხსნა მმართველ ძალას, მათ შორის ქართველ ხალხს, რომ ამ კანონით საქართველო შორდება დემოკრატიას.
„ის დანაკარგი, რომელიც უკვე განიცადა ქართველმა ხალხმა, იქნება ეს შიდსის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა თუ ექიმების გადამზადების პროგრამა, ამ მხრივ ხალხი უკვე დაზარალდა“,- განაცხადა აქუბარდიამ.
უმრავლესობის პოზიცია
სამწუხაროდ, როგორც წესი, ამერიკული მხარე არგუმენტებს არ წარმოადგენს, მათ შორის, არც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„რაც უფრო მეტ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, მით მეტი მტკიცებულება გვექნება ჩვენ და ქართულ საზოგადოებას, რომ მართალი ვიყავით - დონორები აფინანსებენ შავ ფულს და იმ არასამთავრობო სექტორს, რომელსაც ქვეყანაში რევოლუცია სწყურია და წყვეტს იმ კეთილი საქმეების დაფინანსებას, რისთვისაც ჩვენ მადლიერი ვართ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც აშშ უარს აცხადებს სამედიცინო დაწესებულების დაფინანსებაზე და უარს არ ამბობს საქართველოს ყოფილი ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას დაფინანსებაზე, რომელმაც, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 2020 წელს განაცხადა, რომ ურჩევნია „რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარს ბომბების ცეცხლი“, აქ ინტერესი აშკარაა.
„ეს არის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და პირდაპირი მითითება მეორე ფრონტზე. ეს ზეწოლა იქნება 26 ოქტომბრამდე და დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შემდეგ, აუცილებლად შეიცვლება რიტორიკა," - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ურთიერთობა დასავლეთთან
საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
სკანდალური კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, ეუთო/ოდირმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება.
როგორც ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ივნისის დასაწყისში შემოიღო სავიზო შეზღუდვები, ივლისის დასაწყისში კი საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) განუსაზღვრელი ვადით გადადო.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. ამასთან, 15 ივლისს „ქართულმა ოცნებამ" გაასაჯაროვა იმ 474 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ კვლევა, რომლებიც სკანდალური კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ და რომლებმაც 8 აპრილს ხელი მოაწერეს კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას.
კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია, ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო, 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება, ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, ორგანიზაციების 70%-ს კი არ აქვს ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ. კვლევა 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდს მოიცავდა.
რას საქმიანობს ლაბორატორია?
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას ყურადღება ჯერ კიდევ 2015 წელს მიაქცია და განაცხადა, რომ ამ დაწესებულებაში აშშ-ის სახმელეთო ჯარის სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფი მოქმედებს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლაა.
მოსკოვის აზრით, ამერიკული და ქართული ხელისუფლება ყველანაირად ცდილობენ დამალონ აშშ-ის არმიის ამ ქვედანაყოფის კვლევების არსი.
ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ეჭვების საფუძველი მისი არასამართლებრივი მოქმედებების შესახებ არ არსებობს. ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ შესთავაზა რუს მეცნიერებს ჩამოსვლა, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიის საქმიანობას და დარწმუნდნენ, რომ აქ სარისკო არაფერი ხდება.
ყველა ახალი ამბავი
0