პრემიერი: საქართველო აშშ-ის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2024
გამოწერა
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება
თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. საქართველო ამერიკელი პარტნიორებისგან ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს და დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით.
31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე გამოაცხადა, საქართველოს მთავრობას 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას უჩერებს. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თბილისის „ანტიდემოკრატიული და ტყუილის შემცველი განცხადებები“ არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
„ჩვენთვის მთავარია, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ არ მიუღია ინფორმაცია, კონკრეტულად რა ოდენობის თანხაზეა საუბარი.
„ჩვენ დავინტერესდებით და გავარკვევთ ამ ყველაფერს“, - დასძინა პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ აშშ-ის მიდგომა რადიკალურად და ძირეულად შეიცვლება.
საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
სკანდალური კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, ეუთო/ოდირმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება.
როგორც ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ივნისის დასაწყისში შემოიღო სავიზო შეზღუდვები, ივლისის დასაწყისში კი საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) განუსაზღვრელი ვადით გადადო.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. ამასთან, 15 ივლისს „ქართულმა ოცნებამ" გაასაჯაროვა იმ 474 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ კვლევა, რომლებიც სკანდალური კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ და რომლებმაც 8 აპრილს ხელი მოაწერეს კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას.
კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია, ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო, 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება, ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, ორგანიზაციების 70%-ს კი არ აქვს ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ. კვლევა 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდს მოიცავდა.
ყველა ახალი ამბავი
0