სამოთახიანი პალატა ტელევიზორით: კლინიკაში სააკაშვილის პირობები გააუმჯობესეს

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2024
გამოწერა
რაც შეეხება სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხს, ხვიჩიას თქმით, ეს უნდა მოითხოვონ როგორც თავად ექს-პრეზიდენტმა, ისე მისმა გუნდმა, რომელთანაც შეხვედრას ვერ ახერხებს.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედის“ უფრო დიდ, სამოთახიან პალატაშია გადაყვანილი, სადაც ის ორ წელზე მეტია იმყოფება და დღის ბოლომდე მან ტელევიზორსაც მიუტანენ, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩია კლინიკის ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ.
2021 წლის 1-ელი ოქტომბერს დაკავების შემდეგ სააკაშვილმა ჯამში ექვს თვეზე ნაკლები გაატარა ციხის საკანში, დანარჩენი დრო კლინიკებში აქვს გატარებული - ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში და 2022 წლის მაისიდან - კლინიკა „ვივამედში“.
როგორც ადრე სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორიც კი არ არის.
„თავიდან მეც ის ვიფიქრე, რომ ციხეს აჩვევენ, მაგრამ მერე დავუკავშირდი ქალბატონ ნინოს, „ვივამედის“ ხელმძღვანელს და მან დამამშვიდა ამ თვალსაზრისით, მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად უკვე სამი ოთახი აქვს და ტელევიზორიც მგონი, თუ არ ვცდები, დღეიდან ექნება. ვერ მივხვდი, რაზე იყო ატეხილი ეს ქარიშხალი ჭიქაში", - განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხს, ხვიჩიას თქმით, ეს უნდა მოითხოვონ როგორც თავად ექს-პრეზიდენტმა, ისე მისმა გუნდმა, რომელთანაც შეხვედრას ვერ ახერხებს.
„სააკაშვილი მაინც ციხეში ზის და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს სალაპარაკო, რომ სანატორიუმშია, ისვენებს. ასევე იმის გამო, რომ საავადმყოფოში არ ეძლევა საშუალება პარლამენტის წევრებს და მის თანაგუნდელებს შეხვდეს", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს დიდად არ აწუხებს, მაგრამ რადგან სააკაშვილი კვლავ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, ამიტომაც ეს პროცესი სათანადოდ უნდა წარიმართოს.
გუშინ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები და იგი ძალიან დიდი ხანია იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.
ივლისის ბოლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და როგორც კი ექიმების მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ, რადგან მსჯავრდებულმა სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0