თალაკვაძე: ოპოზიცია წინასაარჩევნო შეხვედრებს „ენჯეოების” ფულით ატარებს

© photo: Sputnik / Stringerარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2024
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნბეი 26 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ოპოზიცია ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფულით ატარებს, თუმცა აცხადებს, რომ ჯერ წინასაარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ თელავში მიმდინარე „დემოკრატიის ფესტივალის" შეფასებისას.
არასამთავროო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) თელავში „დემოკრატიის ფესტივალს" მართავს, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს ეთმობა.
„როდესაც ამნისტიის კანონს ვიღებდით, ოპოზიცია გვეუბნებოდა, რომ ეს არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება და კამპანიის ნაწილი. ახლა, როდესაც „ენჯეოების” ფულით თავად ატარებენ წინასაარჩევნო შეხვედრებს, ამბობენ, ჯერ კამპანია არ დაწყებულა და ეს არ არის კამპანიის ნაწილიო", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია ამგვარად ცდილობს მოატყუოს ქართული საზოგადოება.
„ვერავინ შეაყრის ჩვენს ხალხს თვალში ნაცარს”, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მიღების შემდეგ, დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს საპატიმროს, ხოლო ამნისტია ჯამში ხუთ ათასამდე ადამიანს შეეხება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კანონპროექტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიზანმიმართულად წამოიწყო, რათა მეტი ხმა მიიღოს.
„ამნისტიის შესახებ” კანონი ჯერჯერობით მხოლოდ პირველი მოსმენით არის მიღებული. კანონპროექტი მეორე და მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე განიხილება.
2021 წელს „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა" (EECMD) თავისი წარმომადგენლობა „დემოკრატიის ცენტრი” გახსნა წალენჯიხაში, საქართველოს ერთადერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავარი ბრძოლა წარიმართება მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0