პრემიერი: საქართველოში უცხოელი დონორები „ავტორიტარიზმის ფესტივალს" აფინანსებენ

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2024
გამოწერა
კობახიძის თქმით, ეს არის არასწორი ჩარევა საქართველოს საარჩევნო პროცესებში.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში უცხოელი დონორები პირდაპირ აფინანსებენ „ავტორიტარიზმის ფესტივალის“ ჩატარებას, რომელსაც ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალად“ ასაღებენ და რომელზეც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურათები აქვთ გამოფენილი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
არასამთავროო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) თელავში „დემოკრატიის ფესტივალს" მართავს, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს ეთმობა - ფესტივალში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ლელო საქართველოსთვის" ლიდერები.
„მე როგორც ვიცი, ამ ე.წ დემოკრატიის ფესტივალზე გამოფენილი იყო, მათ შორის, სააკაშვილის სურათები. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად „ავტორიტარიზმის ფესტივალი" ტარდება. ყველაზე სამწუხაროა ის, რომ „ავტორიტარიზმის ფესტივალს" უცხოელი დონორები აფინანსებენ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს არის არასწორი ჩარევა საქართველოს საარჩევნო პროცესებში.
„სამწუხაროდ, არჩევნები საარჩევნო პრინციპების უხეშად დარღვევის ფონზე წარიმართება, თუმცა, ეს დარღვევები შედეგებზე ვერ აისახება. ქართული საზოგადოება ყველაფერს ხედავს", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, როგორი ჩარევაც არ უნდა მოხდეს, ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„უცხოეთიდან დაფინანსებული „ავტორიტარიზმის ფესტივალები" საქართველოში ავტორიტარიზმს ვერ დააბრუნებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
2021 წელს „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა" (EECMD) თავისი წარმომადგენლობა „დემოკრატიის ცენტრი” გახსნა წალენჯიხაში, საქართველოს ერთადერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავარი ბრძოლა წარიმართება მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0