რას ვჭამთ: თბილისში რამდენიმე ადამიანს სალმონელოზი აღმოაჩნდა

© photo: Sputnikხინკალი
ხინკალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2024
გამოწერა
სალმონელოზის გამოვლენის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისში სალმონელოზის შემთხვევები გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება სალმონელოზის ჯგუფური შემთხვევის შესახებ.
ექვსი პაციენტი, რომელთაგანაც სამს სალმონელოზი ლაბორატორიულად დაუდასტურდა, იმყოფებოდნენ რესტორან „ორი კათხაში“ ვიქტორ კუპრაძის ქ.N52-ში, სადაც მიირთვეს ხინკალი, ქათმის ფილეს მწვადი და სალათი ცეზარი ქათმის ფილეთი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო მოკვლევა - სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება შპს "ლუდსახარში ორი კათხას" (ლუდსახარში, რესტორანი,) კუთვნილ სამზარეულოში.
შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით; გამოვლინდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები, რომელთა გამოსასწორებლად გაიცა მითითებები გონივრული ვადების გათვალისწინებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები (ხინკლის ფარში, სალათი „ცეზარი" ქათმის ხორცით და სალათის ფოთოლი), კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიღებისთანავე ეცნობება.
სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით,
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.
ყველა ახალი ამბავი
0