ოლიმპიადა - 2024: საქართველოს ნაკრების ასპარეზობის მეხუთე დღის შედეგები

© Courtesy of Lasha Bekauriლაშა ბექაური
ლაშა ბექაური  - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2024
გამოწერა
ოლიმპიადის ხუთი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ოთხშაბათს, 31 ივლისს, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მეხუთე საშეჯიბრო დღეს ერთმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.
ოლიმპიადის მეხუთე დღეს მედლების 20 კომპლექტი სპორტის 11 სახეობაში გათამაშდა.
ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ბექაურმა ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო: მერვედფინალში მან ბულგარელი ივაიოლო ივანოვი ვაზარით, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჰანი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს სძლია.
რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ბექაური ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური სანშირო მურაოს აქამდე სამჯერ შეხვდა და სამივე დაპირისპირება მოგებული აქვს.
ბექაური არის 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 2019 წლის ზაფხულის უნივერსიადის ვერცხლის პრიზიორი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. 2022 და 2023 წლების მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი. კადეტთა შორის საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი, კადეტთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, იუნიორთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის თასის ეტაპების პრიზიორი.
ოლიმპიადის ხუთი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ორი - ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია. ვერცხლის მედალი 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0