„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: ორგანიზაციების რეგისტრაცია 1-ელი აგვისტოდან დაიწყება

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სამინისტროს შენობა
იუსტიციის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2024
გამოწერა
იუსტიციის მინისტრმა სანქციების ამოქმედების შესახებ განაცხადა იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციები რეგისტრაციაზე უარს იტყვიან.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. იუსტიციის სამინისტრომ ყველაფერი მოამზადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსასრულებლად, რეგისტრაცია 1-ელი აგვისტოდან დაიწყება, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
კანონი, რომელიც 3 ივნისს შევიდა ძალაში, ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
„კანონში ყველა ვადა მითითებულია. 1 აგვისტოდან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, შეუძლიათ განაცხადის გაკეთება“, - განუცხადა ბრეგაძემ ჟურნალისტებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, მზად არის თუ არა ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის ტექნიკური ბაზა, მინისტრმა უპასუხა: „ყველაფერი მზად არის“.
იუსტიციის მინისტრმა სანქციების ამოქმედების შესახებ განაცხადა იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციები რეგისტრაციაზე უარს იტყვიან.
„თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, კანონში არის გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას", - განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დასრულდა ტელეარხებისა და ორგანიზაციების ოფისებში ნიღბიანი სპეცრაზემელების შეყვანის პრაქტიკა.
„თქვენ, ალბათ, გსურთ საზოგადოება მორიგ ჯერზე შეიყვანოთ შეცდომაში, რომ ვინმე აპირებს სპეცჯგუფებით, ნიღბიანებით შესვლას ოფისებში. მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რა თქმა უნდა, არ არის. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, არბევდნენ პირდაპირ ეთერში ადამიანებს", - განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრი გულისხმობდა 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას, როდესაც სპეცრაზმი შეიჭრა ტელევიზიის შენობასა და სტუდიაში, სადაც პირდაპირი ტრანსლაცია მიდიოდა.
იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეესტრის შევსებისას ორგანიზაციებმა მხოლოდ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისგან მიიღეს თანხები და რაში დახარჯეს იგი.
კანონის დეტალები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
2023 წლის შემოსავლების მიხედვით თუ იურიდიული პირი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მაშინ იგი რეესტრში ერთი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0