ბრეგაძე: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" საქართველოს 650 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს

© FB / Журнал "Анаклия"ანაკლიის პორტი
ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2024
გამოწერა
კონსორციუმის ძირითადი მოთხოვნები იყო ფინანსური დანაკარგის ანაზღაურება, რომელიც, მათი თქმით, 1 მლრდ დოლარს აჭარბებს და შეთანხმების აღდგენა.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელსაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, სახელმწიფოს 650 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
პარიზის არბიტრაჟმა 29 ივლისს დაასრულა სასამართლო დავა, რომელიც 2020 წლიდან გრძელდებოდა საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი. კონსორციუმი მოითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის ფინანსური ზარალის ანაზღაურებას და შეთანხმების აღდგენას, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
„არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა მილიარდ-ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა და პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება “, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
მისი თქით, არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და მტკიცებულებები.
„მან (არბიტრაჟმა - რედ.) დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება", - განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ პროექტის დაფინანსების ვალდებულება მთლიანად ეკისრებოდა ინვესტორს.
„პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს დადებული საინვესტიციო შეთანხმების საბოლოოდ გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო, მას შემდეგ რაც 2019 წლის დეკემბერში ინვესტორმა უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ, კონსორციუმმა ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.
შეთანხმების ხელმოწერიდან 2018 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა. პრაქტიკულად ყველა ცვლილება ეხებოდა ვადების გაგრძელებას. ამასთან, კონსორციუმს ჩამოაწერეს 11 მლნ დოლარის ჯარიმა.
მთავარი საკითხი, რომლის გადაჭრაც მხარეებმა ვერ შეძლეს, იყო ინვესტორების მიერ მოზიდული სესხების დაბრუნების სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა.
კონსორციუმი მიიჩნევს, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა ყველა პირობას და მთავრობას არასაკმარის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
„ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის", - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სამართალწარმოების დაწყების მიზეზი, როგორც კომპანია აცხადებს, იყო კონსორციუმის აქციონერების, მათ შორის Van Oord PPP International (ნიდერლანდები), Wondernet Express (დიდი ბრიტანეთი), G-Star (ბულგარეთი) , Conti International (აშშ), ასევე Anaklia Holding J.S.C -ის ინტერესების დაცვა.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, როგორც „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებლები და იმ პერიოდში ხელმძღვანელები, ასევე გამოდიოდნენ როგორც კონსორციუმის დამფუძნებლები.
პოლიტიკური შეფასება
სასამართლო დავაში საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაადანაშაულეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზარაძის ქმედებებს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელის შელახვის მიზნით კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარის ნაწილი უწოდა .
„ისინიც (ხაზარაძე და ჯაფარიძე – რედ.) ცდილობდნენ გამოეყენებინათ საერთაშორისო არბიტრაჟი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც ყველა შემთხვევაში მოქმედებს სამართლიანი წესებით“, – განაცხადა კობახიძემ.
თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხაზარაძეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება სურდა.
„მამუკა ხაზარაძემ 2020 წელს საქართველოს სახელმწიფოსგან მილიარდ-ნახევარი დოლარის გადახდა მოითხოვა, რაც მაშინ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25%-ს და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ზე მეტს შეადგენდა. ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი“, - განაცხადა ბრეგაძემ.
დავა არ დასრულებულა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გარდა, საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდა პროექტის ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მაიერი.
მან საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (ICSID) საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. სარჩელში ნათქვამია, რომ საქართველომ დაარღვია ქვეყნებს შორის შეთანხმება ქართულ-ჰოლანდიური ინვესტიციების შესახებ.
პორტის ახალი სიცოცხლე
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება.
დიდი ალბათობით, პროექტის განხორციელებისთვის კერძო ინვესტორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული იქნება ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd. (სინგაპური), მხოლოდ ამ ერთმა აღნიშნულმა კონსორციულმა წარადგინა წინადადება.
ამ დროისთვის ახალ ინვესტორთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0