კეზერაშვილის და თარგამაძის ნაწერები არ მჭირდება! - კალაძე პარტიების რეიტინგზე საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2024
გამოწერა
2012 წლიდან ქვეყანა წინ მიდის და ვითარდება ეკონომიკურად, განაცხადა კალაძემ.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილისა და ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" გენდირექტორის მოადგილის, გიორგი თარგამაძის მიერ დაწერილი კვლევა არ არის საჭირო, რათა გაირკვეს საქართველოს მოსახლეობის განწყობა მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიის“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგი ასეთია: „ქართული ოცნება“/„ხალხის ძალა“ - 32,4%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/ „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 17,3%, „ლელო საქართველოსთვის“/„ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ - 12,8%, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - 11,2%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“/ „ახალი“ - 9,9%.
„გამოდის, რომ მოგიგიათ არჩევნები და ეგ არის!.. რა კვლევებზე მესაუბრებით, თარგამაძემ კეზერაშვილთან ერთად რაღაცა მოხაზა და მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? გეტყვით, არ მჭირდება კეზერაშვილის და თარგამაძის ნაწერები. ყოველდღიურად ვხვდები ხალხს და ყოველდღიურად დავდივარ თბილისში", - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პარტიული ღონისძიებებით მან მთელი საქართველო მოიარა, მოინახულა ყველა რაიონი და ქალაქი და კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
„რა თქმა უნდა, გვაქვს ეკონომიკური ზრდა... 2012 წლიდან ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება ეკონომიკურად. ყველანაირ ასპექტში გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და შედეგები. ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა, მიუხედავად ზეწოლისა, ბულინგისა, შემოტევებისა, ეს შენარჩუნებული იქნება", - განაცხადა კალაძემ.
ცხადია, რომ არსებობს გამოწვევები, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჭირთ, სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ეს მარტო საქართველოში არ არის, დასძინა მან.
„ყველა ქვეყანაშია ასეთი მოსახლეობა. ზუსტად იმისთვის, რომ შევამციროთ ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა და ეს ტენდენცია გვაქვს, ამისთვის არის მნიშვნელოვანი მშვიდობის შენარჩუნება", - განაცხადა კალაძემ.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0