კალაძე: საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების საბაბი არ არსებობს

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2024
გამოწერა
კალაძემ ცრუ ბრალდებები უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველო დემოკრატიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და იღებს კანონებს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაუარესდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნრება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
აშშ-სა და დანარჩენი დასავლეთის გაფრთხილების, ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მაინც მიიღეს და იგი ძალაში 2024 წლის ივნისის დასაწყისში შევიდა. ამ ფონზე საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან და ევროკავშირთან შესამჩნევად გაუარესდა.
„მზად ვართ ვითანამშრომლოთ, უბრალოდ არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ მაგალითად, საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-ის სენატში დაგეგმილ განხილვებთან დაკავშირებით, სადაც განსახილველ საკითხებს შორის საქართველოსთან ურთიერთობაც იქნება, კალაძეს დადებითი მოლოდინი აქვს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის.
„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ მართლაც თუკი რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, ქართველ ხალხთან ერთად“, -განაცხადა კალაძემ.
განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველო დემოკრატიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და იღებს კანონებს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, კალაძემ ცრუ ბრალდებები უწოდა.
„საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი იყოს გამოყენებული თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ქვეყანაში მივიღოთ ის უბედურება, რაც დღეს, სამწუხაროდ, არის უკრაინაში“, - განაცხადა კალაძემ.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0