საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა: დეპუტატი რეზონანსულ საქმეზე

© photo: Sputnik / Stringerსუსის შენობა
სუსის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2024
გამოწერა
ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა რამდენიმე ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი ქვეყანა აღარ არის ისეთი სუსტი, როგორიც წლების წინ იყო, განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ სუს-ში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.
24 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აწარმოებს გამოძიებას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე. სუს-ი უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვას უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე, კონსტანტინე ჯღამაია, გელა კახაბრიშვილი და ლაშა რუხაია მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. გამოკითხვაზე დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც.
გამოკითხვის შემდეგ ფოთის საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა რუხაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქმეში იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს, რომელიც საქართველოში რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება.
„რაც უკვე იკვეთება, არის რადიკალების მხრიდან ის რიტორიკა, რომ ისინი ამ საქმის გადაფარვას და გაუფასურებას ცდილობენ. არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს ჩვენი ე.წ. ოპოზიცია, რომელიც დღენიადაგ არის დაკავებული იმით, რომ გამოიგონოს გარკვეული საკითხები იმისთვის, რომ ამ ქვეყანას მოუშალოს უსაფრთხოების ჩარჩოები”, -განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, სუს-ში დაწყებული გამოძიება არის იმის ნათელი მაგალითი, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო.
„ამ ტურბულენტურ და ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, აბსოლუტურად არ გამოვრიცხავთ და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან თვალსაჩინოა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გარკვეული პროცესები შესაძლებელია საქართველოშიც გადმოეტანათ... მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ, ყველა ძალიან მალე ვიხილავთ გამოძიების საბოლოო შედეგებს.“, - აღნიშნა ბითაძემ.
სუს-ის გამოძიება
განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლ ქართველ მოხალისეებს გამოკითხვაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკვლელობის მომზადების საქმეზე იბარებს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა 23 ივლისს გააკეთა.
ადვოკატის თქმით, რომელიც გამოკითხვას ესწრებოდა, გამოძიება დაინტერესდა იმით - ჰქონდა თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ურთიერთობა უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის" დამფუძნებელ მამუკა მამულაშვილთან და ასევე ჰქონდა თუ არა კავშირი უცხოურ დაზვერვასთან.
გამოკითხული მოხალისეებიდან რამდენიმე - კონსტანტინე ჯღამაია და ნადიმ ხმალაძე თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. სკანდალური კანონის წინააღმდეგ აქციები გაიმართა როგორც 2023 წელს, როდესაც პირველად იქნა ინიცირებული კანონპროექტი, ისე 2024 წელს, როდესაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.
აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე - სსკ-ის 18-323-ე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილებით.
ყველა ახალი ამბავი
0