ანაკლიის პორტის მშენებლობა: პარტნიორი კომპანია 26 ივლისს გამოვლინდება

© photo: Sputnikანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2024
გამოწერა
პორტის მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი კერძო ინვესტორის შერჩევის პარალელურად გაიმართა
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. პარასკევს, 26 ივლისს, საქართველოს ხელისუფლება გამოაცხადებს თავის პარტნიორს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორთან გრძელდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ტენდერი პორტის მშენებელი კომპანიის შესარჩევად მიმდინარეობდა კერძო ინვესტორის შერჩევის პარალელურად.
„კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებარე კომპანიის შერჩევა, რომ მაქსიმალურად გამოცდილი იყოს საზღვაო მშენებლობის კუთხით. ჩვენ ხვალ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. აქაც საინჟინრო კონსულტანტები იყვნენ ჩართულები, რომ შეფასებულიყო ის წინადადებები, რომელიც კომპანიებმა წარმოადგინეს. ჩვენ ხვალ ვასრულებთ ამ პროცესს. ხვალ უკვე მშენებელი პარტნიორი გამოვლინდება და საზოგადოებასაც მივაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას", - განაცხადა დავითაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება უახლოეს დროს შეარჩევს ინვესტორ-კომპანიას, რომელიც პორტის მშენებლობას განახორციელებს.
„ამ შემთხვევაში, პრეტენდენტთან გავაგზავნეთ დამაზუსტებელი კითხვები კონსულტანტის ჩართულობით. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში მივიღეთ დაზუსტებული პასუხები, რომელსაც ისევ ჩვენი ევროპელი კონსულტანტი ამუშავებს. როდესაც ჩვენ მივიღებთ კონსულტანტის შეფასებას მიმდინარე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალ, მაქსიმუმ მომავალი კვირის დასაწყისში, აქედან გამომდინარე, დაზუსტდება შესაბამისობა. თუ იქნება დამაზუსტებელი კითხვები, ალბათ, ჩვენ კიდევ მოგვიწევს დიალოგის გაგრძელება პრეტენდენტთან“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩე4ნს კი კერძო ინვესტორი მიიღებს. ტენდერის შედეგების მიხედვით, ბოლო დრომდე ანაკლიის პორტში კერძო ინვესტორის სტატუსის პრეტენდენტები იყვნენ: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd). ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები მხოლოდ ამ უკანასკნელის მხრიდან შემოვიდა.
პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ 2023 წელს დაარსებული „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" კერძო პარტნიორთან ერთად შექმნის ერთობლივ კომპანიას, რომელშიც სახელმწიფო წილი 51% იქნება. ერთობლივ კომპანიას მოუწევს პორტის განვითარება.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. ეს არის 7,8 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის რესურსი.
წარუმატებელი პირველი მცდელობა
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0