საქართველოში არსებული ყველა ვენახი სპეციალურ კადასტრშია შეტანილი

© photo: Sputnik / Stringerვენახი
ვენახი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2024
გამოწერა
საქართველოში ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ვენახების კადასტრი დასრულდა და ქვეყანა რთველის სეზონს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციით შეხვდება, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას.
2021 წლიდან ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. რთველის დროს ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.
„ვენახების კადასტრი დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ვენახი, რაც დღეს საქართველოშია, აღწერილია... ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად რთველს ქვეყანა მაქსიმალურად დაზუსტებული ინფორმაციით, სწორად აღწერილი კადასტრით უნდა შეხვდეს. ჩვენ ამ მიზნისთვის მუნიციპალურ ცენტრებში გვყავს ოპერატორები",- განაცხადა მეხუზლამ.
მისი თქმით, ყოველი ცვლილება, რომელიც განხორციელდება წლის განმავლობაში, მაგალითად ვენახი შეიცვლის მფლობელს, ან ჩანაცვლდება ჯიშები, ჩანაცვლდება ვაზები, დაემატება/გამოაკლდება ვენახი, ყველა ეს ცვლილება უნდა იყოს აღწერილი და დოკუმენტირებული კადასტრში.
„დროთა განმავლობაში ვენახები იცვლება, იცვლება მფლობელი, ვაზის ჯიში. ხდება შედარებით მეჩხერი ვენახის ხელახლა გაშენება და ა.შ. ყველა ეს ინფორმაცია განცხადების სახით უნდა იყოს მოწოდებული ღვინის სააგენტოში და შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ვენახების კადასტრის ელექტრონულ პროგრამაში", - განაცხადა მეხუზლამ.
როგორც მეხუზლამ აღნიშნა, განცხადების ჩაბარებისთვის აუცილებელი არ არის თბილისში ჩამოსვლა - ამის გაკეთება რაიონულ ცენტრში ან ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც არის შესაძლებელი.
ვენახების ეროვნული კადასტრი შეიქმნა ქართული ღვინის ხარისხისა და ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისთვის, ასევე რთვლის ჩატარების პროცესის გამარტივებისთვის.
მეხუზლას განცხადებით, საქართველოში ვენახების რაოდენობის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. 2011 წლიდან 2020 წლის პერიოდში 18 ათასამდე ჰექტარზე მეტი ვენახია გაშენებული ან განახლებული. საბოლოო ჯამში კი დღეს ქვეყნის მასშტაბით 48 ათასზე მეტი ვენახია.
ყველა ახალი ამბავი
0