საქართველოსთვის ტერაქტის საფრთხე რეალურია: პრემიერი სუს-ის გამოძიებაზე

© photo: Sputnikსუსის შენობა
სუსის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2024
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვას უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების თაობაზე მიუთითებს, რომ ეს საფრთხეები საქართველოსთვის აქტუალურია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აწარმოებს გამოძიებას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე. სუს-ი უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვას უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე, კონსტანტინე ჯღამაია და გელა კახაბრიშვილი მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. გამოკითხვაზე დაბარებულია ვაჟა ცეცაძე.
„რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია შემაშფოთებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ბოლო პერიოდში მსოფლიოში ხდება. თქვენც ხედავთ, რომ ბოლო ორ თვეში 2 ტერორისტული აქტი განხორციელდა - ერთი სლოვაკეთში, მეორე აშშ-ში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები აქტუალურია", - განაცხადა კობახიძემ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა 15 მაისს, ქალაქ განდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ მოხდა. თავდასხმის შემდეგ ფიცო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა - კლინიკიდან პოლიტიკოსი მაისის ბოლოს გამოწერეს.
მოგვიანებით, 13 ივლისს, თავდასხმა განხორციელდა აშშ-ის ექს-პრეზიდენტსა და „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე - პენსილვანიის შტატში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკოსს ესროლეს, მას ტყვია მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მოხვდა.
ამ კონტექსტში მაისის ბოლოს კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა. პრემიერის თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“. ივნისის დასაწყისში კი, როცა კანონი ძალაში შევიდა, კობახიძემ განაცხადა, რომ თუ რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება ამით, მზად არის გამოძიებას მტკიცებულებები წარუდგინოს.
სუს-ის გამოძიება
განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლ ქართველ მოხალისეებს გამოკითხვაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკვლელობის მომზადების საქმეზე იბარებს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა 23 ივლისს გააკეთა.
ადვოკატის თქმით, რომელიც გამოკითხვას ესწრებოდა, გამოძიება დაინტერესდა იმით - ჰქონდა თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ურთიერთობა უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის" დამფუძნებელ მამუკა მამულაშვილთან და ასევე ჰქონდა თუ არა კავშირი უცხოურ დაზვერვასთან.
გამოკითხული მოხალისეებიდან რამდენიმე - კონსტანტინე ჯღამაია და ნადიმ ხმალაძე თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. სკანდალური კანონის წინააღმდეგ აქციები გაიმართა როგორც 2023 წელს, როდესაც პირველად იქნა ინიცირებული კანონპროექტი, ისე 2024 წელს, როდესაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.
აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0