თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე: პრემიერი აშშ-ის კონგრესში გაკეთებულ განცხადებებზე

© photo: Sputnik / Igor' Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიკონგრესის შენობა
კონგრესის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისა და ოქტომბერში სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. აშშ-ის კონგრესში გაკეთებული უსამართლო განცხადებები რეალურად არის კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოზე თავდასხმა, რაც ქართული მხარის მიერ ვაშინგტონისთვის შეთავაზებული ურთიერთობების გადატვირთვის ფონზე კონტრპროდუქტიულია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
23 ივლისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი გახდა. აღინიშნა, რომ მოლდოვას მხრიდან დასავლეთთან დაახლოების სურვილის ფონზე, საქართველო ამ გზიდან უხვევს. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისა და ოქტომბერში სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ეს იყო თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, არც ერთი სიტყვა არ თქმულა იმაზე, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოლდოვაში ათამდე ტელევიზია დაიხურა, ქვეყანა კვლავ დსთ-ის წევრია და იქ სერიოზული პრობლემებია პოლიტიკური პლურალიზმის თავისუფლების კუთხით.
„პრაქტიკულად არ არსებობს პოლიტიკური პლურალიზმი, არ არსებობს მედიაპლურალიზმი, მოლდოვა რჩება დსთ-ის წევრად, მაგრამ არავინ ახსენებს იმ ფაქტს, რომ მოლდოვა რჩება დსთ-ის წევრად და იქ (აშშ-ის კონგრესში - რედ.) ევროპული კურსიდან გადახვევის შესახებ არაფერს ამბობენ, ეტყობა ორმაგი სტანდარტებია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ფონზე საქართველოს კრიტიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები არსებობს.
„აქედან ერთი მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება: საქართველოს მიმართ არის ინტერესი, რომელიც არ არის მოლდოვასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავინ შეძლებს ახსნას, რატომ არ საუბრობენ მოლდოვაში არსებულ პრობლემებზე", - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დასრულებასთან ერთად, რაც მოსალოდნელია 2025 წლის იანვარში, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, კობახიძის თქმით, „რეგიონში სიტუაცია დამშვიდდება, საქართველოს მიმართ მიდგომები დაუყოვნებლივ შეიცვლება“.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა აპრიორი არ არის დამოკიდებული „რესპუბლიკელების" გამარჯვებაზე. თუ „დემოკრატები" გაიმარჯვებენ, უკრაინაში კონფლიქტი ერთი წლის შემდეგ დასრულდება.
„რეგიონში ვითარება დამშვიდდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. ჩვენი ოპტიმიზმი არ არის დამოკიდებული რესპუბლიკელების გამარჯვებაზე", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა.
პრემიერის თქმით, მთავარია აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოს მიმართ სწორი, პრაგმატული, სამართლიანი პოზიცია ჩამოაყალიბოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ურთიერთობების გადატვირთვა.
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოზე მსგავსი თავდასხმები, რაც გუშინ მოვისმინეთ, შეწყდება... თუ მათ ექნებათ კეთილი ნება და საპასუხო ნაბიჯები, უზრუნველყოფილი იქნება ეს გარდამტეხი მომენტი, რაც თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის ინტერესებში", - განაცხადა კობახიძემ.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
2024 წლის ივნისიდან კი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა იმ პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
30 მაისს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, მათი თქმით აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპულობას“ და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ივნისის დასაწყისში შემოიღო სავიზო შეზღუდვები, ივლისის დასაწყისში კი საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) განუსაზღვრელი ვადით გადადო.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
ყველა ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სკანდალური კანონის მიღებითა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკით.
ყველა ახალი ამბავი
0