როდის წარადგენს „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიას? პრემიერის პასუხი

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2024
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - ორი თვის შემდეგ წარუდგენს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ოფიციალური საარჩევნო კამპანია არჩევნების თარიღამდე 60 დღით ადრე დაიწყება.
„სია ცესკოში იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს შევა, თუმცა მანამდე, ალბათ, სიის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის განმარტებით, პარტიის წესდების თანახმად, საარჩევნო სიას ადგენს „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო. სწორედ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს თუ როგორ შედგება სია და ვინ რა ნომრით იქნება წარმოდგენილი.
მთავრობის მეთაურის თქმით, აგვისტოს დასაწყისში „ქართული ოცნება" რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას დაიწყებს.
„აგვისტოს დასაწყისიდან ჩვენ გავალთ რეგიონებში, გვექნება აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ეს შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში გაიმართება. წინასაარჩევნო პერიოდი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს წარმომადგენლებს მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა სფეროს: ეკონომიკას, სოციალურ საკითხებს, საგარეო პოლიტიკას, განათლებას, კულტურასა და სპორტს და ისინი ასახული იქნება საარჩევნო პროგრამაში.
„ყველა მიმართულებით გვექნება დაპირებები, მაგრამ ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რაც არის გამოხატული საარჩევნო სლოგანში - ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკის წარმოებას", - აღნიშნა პრემიერმა.
„ქართული ოცნება" შეუნარჩუნებს ქვეყანას მშვიდობას და აუცილებლად უზრუნველყოფს მოქალაქეების კეთილდღეობას, დასძინა კობახიძემ.
„კეთილდღეობის ხარისხი ამ ქვეყანაში მუდმივად გაიზრდება და ამას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი აწარმოებს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ყველა ახალი ამბავი
0