მედია: სუსი უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებს გამოკითხვაზე იბარებს

© photo: Sputnikსუსის შენობა
სუსის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2024
გამოწერა
2023 წლის 18 სექტემბერს სუსმა გაავრცელა განცხადება, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში მზადდებოდა არეულობა სახელმწიფო გადატრიალების მიზნით
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლი ქართველი მოხალისე ნადიმ ხმალაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
ერთი დღით ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკრაინის ბრძოლებში მონაწილე კიდევ ერთი მოხალისე ლაშა ჭიღლაძის გამოკითხვის შესახებ. იგი უწყებაში „ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის" საქმის გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. საქმეს გრიფით „საიდუმლო" ადევს.
ხმალაძის გამოკითხვა უახლოეს დღეებში გაიმართება. უკავშირდება თუ არა ხმალაძის დაბარება იმ საქმეს, რომელშიც ჭიღლაძე ფიგურირებს, ჯერჯერობით უცნობია.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ჭიღლაძის წინააღმდეგ საქმე ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების და „ტერორიზმის მომზადება“ მუხლითაა აღძრული. მისი ადვოკატის ლაშა ტყეშელაძის თქმით, გამოძიება ერთი წელია მიმდინარეობს, მაგრამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოში მხოლოდ ახლა გამოიძახეს.
სუს-ის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.
აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0