საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებამ რეკორდი დაამყარა

© AFP 2024 / OZAN KOSEსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2024
გამოწერა
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის პირველი ნომერი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 185,1 მილიონ ევროს მიაღწია - ეს ერთგვარი რეკორდია, მონაცემებს ავტორიტეტული გერმანული პორტალი Transfermarkt აქვეყნებს.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე მერვედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონებთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მანამდე ვილი სანიოლის გუნდმა პორტუგალია დაამარცხა (2:0), დაუზავდა ჩეხეთს (1:1) და სადებიუტო მატჩში თურქეთის ნაკრებთან დამარცხდა (3:1).
ჯერ კიდევ ივნისში, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება 161,5 მილიონი ევრო იყო.
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის პირველი ნომერი კვლავ „ნაპოლის“ ვინგერი ხვიჩა კვარაცხელიაა, თუმცა ევროპის ჩემპიონატს მის სატრანსფერო ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია - 80 მლნ ევრო.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 10 მილიონით გაიზარდა „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ღირებულება. ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერების სიაში პირველ პოზიციას ის პორტუგალიელ დიეგუ კოშტასთან იყოფს - 45 მლნ ევრო. აღსანიშნავია, რომ ჟორჟმა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის „მეცი“ დატოვა, უარი უთხრა „მონაკოს“ და 2028 წლამდე კონტრაქტი გააფორმა მშობლიურ „ლიონთან“. ამ უკანასკნელს მიქაუტაძის შეძენა 18,5 მლნ ევრო დაუჯდა. ჟორჟი „ლიონის“ აკადემიის კურსდამთავრებულია და ამ კლუბში 15 წლამდე თამაშობდა.
5 მილიონით გაიზარდა ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისა და „ოქროს ბუცის“ მფლობელის, გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის შეფასება - 15 მილიონის ნაცვლად მას 20 მილიონი ევროდ აფასებენ. ასევე გაიზარდა – გიორგი ქოჩორაშვილის (1 მილიონიდან – 2,5 მილიონამდე), ლაშა დვალისა (900 ათასიდან – 1,5 მილიონამდე) და ოთარ კაკაბაძის (600 ათასიდან – 1 მილიონამდე) სატრანსფერო ღირებულებაც.
ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული:
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო
გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 45 მილიონი ევრო
გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 20 მილიონი ევრო
ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 5 მილიონი ევრო
ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 3,5 მილიონი ევრო
პორტალი Transfermarkt მოთამაშეებს და გუნდებს 2000 წლიდან აფასებს. ადრე „საქართველოს ნაკრების“ გრაფაში ეს თანხა 30-დან 55 მლნ ევრომდე მერყეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0