დარჩიაშვილი: ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო და მიმზიდველია ინვესტიციებისთვის

© Parliament of Georgiaილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2024
გამოწერა
საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას იმისთვის რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა დაადასტურა, რომ საქართველო უსაფრთხოა ინვესტიციებისთვის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შექმნილია ხელსაყრელი პირობები ბიზნესის კეთებისა და ინვესტიციებისთვის და ამით თვალსაჩინოდ გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებში. სწორედ ამიტომ საქართველო რეგულარულად იკავებს მოწინავე პოზიციებს გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგებში, ნათქვამია ანგარიშში.
„სწორედ უსაფრთხო გარემო და უსაფრთხო ქვეყანა არის უცხოური ინვესტიციების მთავარი კომპონენტი, მთავარი მიმზიდველობა. შესაბამისად, ეს არის მორიგი დადასტურება იმისა, რაზეც საქართველოს მთავრობა და მთავრობის მეთაური საუბრობენ - რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ნებისმიერი ინვესტიციებისთვის. ძალიან საინტერესო გზავნილები იყო ამ დოკუმენტში,“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას იმისთვის რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.
„ეს არის ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ხალხისა და მოსახლეობის კეთილდღეობასთან,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მანამდე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება - მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო გრძელვადიან პერსპექტივაში საიმედო პარტნიორი იქნება.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 201,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 64,4%-ით ნაკლებია.
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად დასახელდა სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციების და სასესხო ვალდებულებების შემცირება.
„საქსტატის" ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, გადამამუშავებელი მრეწველობა და უძრავი ქონება.
საინვესტიციო პოლიტიკა
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამით, ხელისუფლება პირობას დებდა, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა მთლიანად შეიცვლება - პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო გადავა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე და ქვეყნის პოზიციონირება ახლებურად მოხდება.
ამავდროულად, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
ასევე, ამ პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ, რომელიც ასახავს ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანართების მოთხოვნებს, რითაც საქართველოს კორპორატიული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდება.
კონკურენტული და ბიზნეს გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო თანდათან ჩაეხსნება ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი გააჩნიათ.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.
2023 წელს, წინასწარი შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 24%-ით შემცირდა და 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0