მდინარაძე: საქართველოს ეკონომიკური განვითარება ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2024
გამოწერა
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკური განვითარება ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ამჟამად საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეყინათ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
„არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან ჩვენ მოქალაქეებს - ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - კეთილდღეობა არის ერთ-ერთი უპირობო ნიშანი, რომ ჩვენ ევროკავშირის კარი შევაღოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
თუ ეკონომიკურად უფრო ძლიერები არ გავხდით, არავინ არ მიგვიღებს ევროკავშირში, აღნიშნა დეპუტატმა.
ევროკავშირში არავინ არ მიიღებს ქვეყანას 4 ათასი დოლარის მშპ-თი ერთ სულ მოსახლეზე, აღნიშნა მან.
„დღეს გადავცდით 8000-ს (მშპ ერთ სულ მოსახლეზე - რედ.), მაგრამ კიდევ მეტს, 10-12-ს (ათას დოლარს - რედ.) უნდა გადავცდეთ, იმისათვის, რომ ევროკავშირმა მიგვიღოს და ტვირთად არ დავაწვეთ ევროკავშირს, ამიტომ ჯერ არის კეთილდღეობა და მისი ლოგიკური გაგრძელებაა ევროკავშირის წევრობა“, - განაცხადა მდინარაძემ.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,2% იყო, ხოლო მიმდინარე წლის ხუთი თვის საშუალო რეალური მშპ 9,3%-ია.
ნათელი მომავლის შესაქმნელად აუცილებელია დავარწმუნონ როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები, ასევე ის ძალები, რომლებიც ებრძვიან ხელისუფლებას, რომ საქართველოში მათ უნდა ესაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
„თუ საქართველოში მიიღება საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები, შემდეგ გაცილებით უკეთ იქნება ყველაფერი ვიდრე დღეს არის და კიდევ უფრო დავლაგდებით ყველასთან ურთიერთობაში“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. ამასთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0