საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი გახდება

© photo: Sputnik / Олег Ласточкинთამბაქო
თამბაქო - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2024
გამოწერა
თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის ლიცენზიის გარეშე წარმოება პირველ ჯერზე დაექვემდებარება დაჯარიმებას 10 ათასი ლარის ოდენობით
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში შვიდ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი დაინიცირდა, რომლის თანახმად ქვეყანაში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზია იქნება საჭირო.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.
თამბაქოს წარმოება გულისხმობს როგორც თავად თამბაქოს მომზადებას, ისე სიგარეტის წარმოებას. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი პროცესის არარსებობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად.
სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 ათასი ლარი იქნება.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ლიცენზია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, თუ საწარმო აღჭურვილია თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგისთვის სპეციალური ლაბორატორიით.
თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის ლიცენზიის გარეშე წარმოება პირველ ჯერზე დაექვემდებარება დაჯარიმებას 10 ათასი ლარის ოდენობით, კანონდარღვევის ყოველი მომდევნო ფაქტი ითვალისწინებს ჯარიმას 50 ათასი ლარის ოდენობით. ლიცენზიის დარღვევა დაექვემდებარება ჯარიმას 5 ათასი ლარის ოდენობით.
პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, იგი ძალაში 2024 წლის 1 სექტემბრიდან შევა.
ყველა ახალი ამბავი
0