საეკლესიო კალენდარი: 17 ივლისი

© photo: Sputnik / Stringerახალი ზარზმა
ახალი ზარზმა - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 ივლისს წმიდა ანდრიას, კრეტელი მთავარეპისკოპოსის, ღირსისა მართას, სვიმეონ მესვეტისა დედის, მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიას, ღირსი ანდრია რუბლიოვის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
680 წელს წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში VI მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა, იმპერატორ იუსტინიანე II-ის (685-695) ზეობისას ნეტარ მამას კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ჰორტინის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
მღვდელმთავარმა ანდრიამ მრავალი საღვთისმსახურო საგალობელი შექმნა. მან დაუდო სათავე ახალ ლიტურგიკულ ჟანრს - კანონს. განსაკუთრებით აღსანიშნავია „სინანულის დიდი კანონი“, რომელიც დიდმარხვის საკითხავებშია ჩართული. მარხვის პირველ კვირიაკეში, სერობებზე ის ნაწილ-ნაწილ იკითხება.
ნეტარი ანდრიას მიცვალების თარიღის შესახებ საეკლესიო ისტორიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგი 712 წელს ასახელებს, სხვები - 726 წელს.
ბოდბე - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2024
საეკლესიო კალენდარი: 16 ივლისი
ღირსი მართა
ღირსი მართა, საკვირველ მთაზე მოღვაწე წმიდა სვიმეონ მესვეტის დედა იყო., ის დაიბადა ანტიოქიაში, VI საუკუნეში. იგი სიყმაწვილიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, მაგრამ მშობლებმა გათხოვებაზე დაითანხმეს. წმიდანის მეუღლე, იოანე მალე გარდაიცვალა და დაქვრივებულმა მართამ მთელი ძალები ერთადერთი ძის აღზრდას შეალია. ნეტარი დედა მშვიდობით მიიცვალა 551 წელს. მისი ცხედარი საკვირველ მთაზე, ღირსი სვიმეონ მესვეტის მოღვაწეობის ადგილზე დაკრძალეს.
წმიდა მოწამენი თეოდოტე და თეოდოტია
წმიდა მოწამენი თეოდოტე და თეოდოტია წმიდა იაკინთემ (ხს. 3 ივლისს) მოაქცია ქრისტიანობაზე. მარტვილის ნეტარი აღსასრულის შემდეგ ისინიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს (+108).
ღირსი ანდრია რუბლიოვი
ღირსი ანდრია რუბლიოვი - დიდი რუსი ხატმწერი, დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. ანდრია რუბლიოვის ბერად აღკვეცის ადგილი დანამდვილებით არაა ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ მისი მოღვაწეობა ორ მონასტერს - სერგის წმიდა სამების ლავრასა და მოსკოვის ანდრონიკეს მაცხოვრის სავანეს უკავშირდება.
ნეტარი მამის ძირითადი ნამუშევრებია: მოსკოვის კრემლის ხარებისა და ზვენიგოროდის მიძინების ტაძრების კანკელი და ფრესკები, ვლადიმირის მიძინების ტაძრისა და ანდრონიკეს მაცხოვრის სავანის მოხატულობა, ვლადიმირის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი შემოქმედების გვირგვინი - ყოვლადწმიდა სამების ხატი.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0