მიქაუტაძე „ოქროს ბუცზე”: ძალიან ამაყი ვარ, საოცარი გუნდის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

© Courtesy of Nakrebiგიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2024
გამოწერა
გიორგი მიქაუტაძემ ევრო2024-ზე სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ, დაწერა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში.
23 წლის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. ტურნირის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საუკეთესო მეგოლე ქართველი ფეხბურთელი გახდა.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ საოცარ გუნდს, თქვენ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“, - დაწერა ქართველმა თავდამსხმელმა.
UEFA-ს გადაწყვეტილებით, თუ ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, „ოქროს ბუცი" ჯილდოს სახით, ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა ექნებოდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, ოლმოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა- ნაკრები მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა.
ქართველმა თავდამსხმელმა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან სამი გოლი გაიტანა, ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და მერვედფინალამდე ლიდერობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოთამაშე „ვესტ ჰემის" კლუბი მზადაა მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ქართველი თავდამსხმელით ასევე „მონაკო“, „ლიონი“ და „ლანსიც“ არიან დაინტერესებულნი. როგორც ადრე ქართული მედია იუწყებოდა, მიქაუტაძემ „მონაკოსთან" კონტრაქტი პირადად შეათანხმა.
ივლისის დასაწყისში „მეცმა" მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსიდან" გამოისყიდა.
2023 წლის ზაფხულში მიქაუტაძე „მეციდან" „აიაქსში" გადავიდა (ტრანსფერი -16 მლნ ევრო) - მიქაუტაძემ „აიაქსის" შემადგენლობაში ექვსი მატჩი ჩაატარა და არცერთი გოლი არ გაუტანია, რის შემდეგაც იჯარის უფლებიც კვლავ „მეცში" დაბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0