„ხალხის ძალა“: ლიბერალური ფაშიზმის მხარდამჭერები მზად არიან ბრძოლის ნებისმიერი მეთოდისთვის
© Courtesy of People’s Power„ხალხის ძალა"
© Courtesy of People’s Power
გამოწერა
„პრეზიდენტებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებზე გამოცხადებულია ნამდვილი ნადირობა, აცხადებენ პარტიაში
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიბერალურმა ფაშიზმმა დასავლური სამყარო კატასტროფის პირას მიიყვანა და აჩვენა, რომ ძალები, რომელთა ინტერესებშიც არის ლიბერალური დიქტატურის მხარდაჭერა, მზად არიან ბრძოლის ნებისმიერი მეთოდისთვის, ნათქვამია ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
აშშ-ის ექს-პრეზიდენტსა და „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა შაბათს, პენსილვანიის შტატში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განხორციელდა. პოლიტიკოსს ტყვია მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მოხვდა. სავარაუდო თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია, რომელიც FBI-ის წარმომადგენლებმა გაანეიტრალეს.
„ტრამპზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიბერალურმა ფაშიზმმა დასავლური სამყარო კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა. სამწუხაროდ, აშშ-ის ისტორიაში პირველი არ არის პრეზიდენტის მკვლელობა და არც მკვლელობის მცდელობა, მათ შორის კი ბევრი პარალელის გავლებაა შესაძლებელი", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„ხალხის ძალამ" გაიხსენა რობერტ კენედი-უმცროსის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ბიძა ჯონ ფიცჯერალდ კენედი გახდა ომის საწინააღმდეგო პოლიტიკისა და ვიეტნამის ომიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის მსხვერპლი. მოკლული პრეზიდენტის ძმისშვილი „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს" და მის კონტროლქვეშ დაქვემდებარებულ საიდუმლო სამსახურებს ადანაშაულებს.
როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, ტრამპის ერთ-ერთი მთავარი გზავნილიც ხომ უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულებას და მშვიდობის დამყარებას უკავშირდება.
„მაგრამ ანტისაომარი რიტორიკა არ არის ის ერთადერთი მიმართულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის მმართველი ცენტრის დღის წესრიგთან. დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში ტრამპი არის იმ იშვიათი ლიდერების სიაში, რომლებიც უპირისპირდებიან აგრესიულ ლიბერალურ იდეოლოგიას და მკაფიოდ ამბობენ მარტივ ჭეშმარიტებას: არსებობს ორი სქესი - კაცი და ქალი", - ნათქვამია განცხადებაში.
ცხადია, შეუძლებელია ასეთ ჭეშმარიტებას რაიმე რაციონალური არგუმენტით შეეწინააღმდეგო, ისევე როგორც შეუძლებელია ომი მშვიდობად წარმოაჩინო და ადამიანები ომის გაგრძელების უპირატესობაში დაარწმუნო. ამიტომაც, განცხადების ავტორების თქმით, თანამედროვე ლიბერალ-ფაშისტები ირჩევენ ბრძოლის ისეთ მეთოდებს, რომლის მომსწრეც გუშინ მთელი მსოფლიო გახდა.
გარდა ამისა, ტრამპზე განხორციელებულმა თავდასხმამ ყველას გაახსენა მაისში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა. როგორც პარტიაში განაცხადეს, ფიცოს, ისევე როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ გატარებული ანტილიბერალური, ანტიმიგრაციული და ანტისაომარი პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ვაშინგტონის და ბრიუსელის დღევანდელი მმართველი ელიტის შეტევის ადრესატი.
„როგორც ჩანს, ყველა ვინც ლიბერალური ფაშიზმს უპირისპირდება, შესაძლოა აღმოჩნდეს სიცოცხლის რისკის ქვეშ, რადგან ძალები, რომელთა ინტერესებშიც არის ლიბერალური დიქტატის შენარჩუნება, ბრძოლის ნებისმიერ მეთოდზე არიან წამსვლელი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უკანასკნელმა მოვლენებმა აჩვენა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ტერორის გზით მოშორება, ლიბერალური ფაშიზმის მესვეურთა არსენალში მტკიცედაა დამკვიდრებული, განაცხადეს პარტიაში.
„პრეზიდენტების და პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ გამოცხადებულია ნამდვილი ნადირობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს თანამედროვე დასავლური სამყაროს შესაძლებლობას, უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო საკუთარ სივრცეში", - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალის" წევრების თქმით, აშშ-ის საარჩევნო პროცესში დამკვიდრებული შეუწყნარებლობის ატმოსფერო გავლენას ახდენს დასავლური დემოკრატიის ხარისხზე და ეჭვქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების არჩევნებში მათი შეფასების მორალურ უფლებას.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას, ჯანმრთელობას ვუსურვებთ მას და მშვიდობას ამერიკას!", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში „გლობალური ომის პარტია“ და ლიბერალური ფაშიზმი დაადანაშაულა.
გლობალური ომის პარტია
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".