რა საერთოა ტრამპსა და ფიცოზე თავდასხმებს შორის?„ქართულ ოცნებაში“ პარალელები გაავლეს

© Courtesy of Levan Machavarianiლევან მაჭავარიანი
ლევან მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2024
გამოწერა
აშკარაა, რომ ორივე თავდასხმის უკან გარკვეული ძალები დგანან, განაცხადა პოლიტიკოსმა
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასა და სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობას შორის დროში უცნაური დამთხვევაა და აშკარაა, რომ ამის უკან გარკვეული ძალები დგანან, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
აშშ-ის ექს-პრეზიდენტსა და „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა შაბათს, პენსილვანიის შტატში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განხორციელდა. პოლიტიკოსს ტყვია მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მოხვდა. სავარაუდო თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია, რომელიც FBI-ის წარმომადგენლებმა გაანეიტრალეს. რაც შეეხება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, მაისში უცნობმა პირმა რობერტ ფიცოს რამდენჯერმე ესროლა. მკვლელობის მცდელობა ბრატისლავადან 190 კილომეტრში მდებარე ქალაქ განდლოვაში მოხდა, სადაც ქვეყნის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა.

„ძალიან უცნაურია, როცა თავდასხმები დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში დაემთხვა: ტერორისტული თავდასხმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ფიცოზე, შემდეგ კი დონალდ ტრამპზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ტრამპსა და ფიცოს შორის ერთი დიდი მსგავსებაა - ორივე მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას, ორივე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ლგბტ-პროპაგანდას და ორივე კატეგორიულად ეწინააღმდეგება არალეგალურ მიგრაციას.
„ასეთი ტიპის დამთხვევა არის. ამის უკან, რა თქმა უნდა, გარკვეული ძალები დგანან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში „გლობალური ომის პარტია“ და ლიბერალური ფაშიზმი დაადანაშაულა.
გლობალური ომის პარტია
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".
ყველა ახალი ამბავი
0