მუქარები ნაკრების ფეხბურთელების მისამართით - სასამართლომ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2024
გამოწერა
მუქარა 2015 წლიდან იარაღის შენახვისთვის საერთაშორისო ძებნაში მყოფი ნოდარ ნიშნიანიძის მხრიდან მომდინარეობდა.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
გამოძიება ტელეკომპანია Formula-ს ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე 2022 წელს დაიწყო, რომელიც ეხებოდა საქართველოს ნაკრების წევრებისა და ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველ შეტყობინებებს. ეს მუქარა 2015 წლიდან იარაღის შენახვისთვის საერთაშორისო ძებნაში მყოფი ნოდარ ნიშნიანიძის მხრიდან მომდინარეობდა. თავად ნიშნიანიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ იარაღი ძალოვანებმა ჩაუდეს.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის, რომ ნიშნიანიძე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ ყველას პასუხს მოსთხოვს მისი ნათესავის, მისი ცოლისძმის, ვაკო ყაზაიშვილის უსამართლო დასჯაზე. ნიშნიანიძის თქმით, ყაზაიშვილი უეფას ერთა ლიგის მატჩზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნაკრებში მასთან ნათესაური კავშირის გამო არ მოხვდა.
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე: სასამართლომ ექთანს განაჩენი გამოუტანა >>
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა. დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
თავად ვაკო ყაზაიშვილმა აუდიოჩანაწერების გამო სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც ფეხბურთის ქომაგების წინაშე ბოდიში მოიხადა.
ამ დროისთვის ყაზაიშვილი ჩინურ კლუბ Shandong Taishan-ის სახელით ასპარეზობს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0