გენპროკურორის არჩევის პროცესი: როდის წარუდგენენ კანდიდატებს პარლამენტს?

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2024
გამოწერა
ყოფილმა გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 23 მაისს დატოვა
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურას 16 ივლისს შეუდგებიან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ.
საპროკურორო საბჭო 10 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატებთან გასაუბრებას დაასრულებს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 23 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
„საპროკურორო საბჭო თავის საქმიანობას დაასრულებს და უკვე 16 ივლისს გვექნება შესაძლებლობა კომიტეტის სხდომაზე განვიხილოთ ის კანდიდატები, რომლებსაც საპროკურორო საბჭო წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად“, - განაცხადა ვოლსკიმ.
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული, საიდანაც ხუთმა თავად წარადგინა საკუთარი კანდიდატურა, ორი ოპოზიციურმა პარტია „საქართველომ“, ოთხი კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. კანდიდატებს შორის ორი ქალია.
კანდიდატებს შორის არიან იურისტი გრიგოლ გაგნიძე, რომელსაც მხარი ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა, პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს და ასევე ცნობილი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
არჩევის პროცესი
კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა 1/3 მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ხმის მიცემა კანდიდატებთან მიმართებით ცალ-ცაკლე მოხდება. კენჭისყრა ფარული იქნება.
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-სა. თუ ორი ან მეტი კანდიდატი ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებს, გადამწყვეტი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა იქნება.
თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ხელახალ კონსულტაციებს დაიწყებს.
შერჩევის შემდეგ საპროკურორო საბჭო კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრების ხმათა საჭირო რაოდენობას, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს.
ყველა ახალი ამბავი
0