გახარიას პარტია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთვის მზადაა

© Parliament of Georgiaმიხეილ დაუშვილი
მიხეილ დაუშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2024
გამოწერა
პარტია „საქართველოსთვის" პრეზიდენტთან დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებისთვის ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მზად არის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთივს, განაცხადა პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა.
ტელეარხი „TV 24" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს საკუთარი პარტიის დაფუძნებას და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ალიანსის შექმნას.
„ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა პრეზიდენტს რომ აქვს, ამაში ახალი არაფერია და არაერთხელ გვითქვამს. პირდაპირ რომ გითხრათ, მე მივესალმებოდი ასეთი ტიპის თანამშრომლობას. დიახ, პრეზიდენტის ნაწილში, ის რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა დაუშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის" პრეზიდენტთან დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა.
„ჩვენ ქალბატონ პრეზიდენტთან საუბრები იქამდეც გვქონდა, ახლაც გვაქვს და მომავალშიც გვექნება", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ამასთან, დაუშვილმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია მომავალი ალიანსისა და პრეზიდენტის მიერ ახალი პარტიის შექმნის შესახებ.
„მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად უნდა შექმნას თუ არა რაიმე ერთობა”, - განაცხადა დაუშვილმა.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ყველა ახალი ამბავი
0