ფრანგული მედია: დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ გადადის

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიზურიკო დავითაშვილი
ზურიკო დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2024
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასული საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კონტინენტის ჩემპიონატის ნამდვილ სენსაციად იქცა, წერს პრესა
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „ბორდოს" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ახალი სეზონიდან კარიერას „სენტ-ეტიენში" გააგრძელენს, იუწყება გამოცემა ActuL1.
დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობს. 2023 წელს მან კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი (2027 წლამდე). გასულ სეზონში ქართველი ლეგიონერის კლუბმა ლიგა 1-ში გადასვლა ვერ შეძლო.
„ზურიკო დავითაშვილი შეუერთდება „სენტ-ეტიენს“ 6 მილიონ ევროდ! ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გააფორმებს კონტრაქტს 4+1-წლიანი ოფციონით“, – წერს ფრანგული გამოცემა.
გამოცემა Footmercato-მ თავის ხელმომწერებს ასევე განუცხადა, რომ დავითაშვილის ახალ კლუბში გადასვლა უკვე დასრულებული საქმეა.
„ეს გარიგება საკმაოდ სწრაფად დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის მონაწილემ „ბორდოს" შემადგენლობაში ძლიერი სეზონი ჩაატარა (8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა). „სენტ-ეტიენი" მარჯვენა ვინგერს თვალს ადევნებდა, ლიგა 1-ში გადასვლის შემდეგ „მწვანეებმა" მას შემოთავაზებით მიმართეს. კლუბმა სწრაფად დაარწმუნა ფეხბურთელი, რადგანაც მას ლიგა 1-ში სურდა თამაში", - წერს Footmercato.
როგორც სტატიის ავტორმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასული საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კონტინენტის ჩემპიონატის ნამდვილ სენსაციად იქცა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა.
გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის 1/8-ში გასვლა შეძლო. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა დააგროვა: პორტუგალიას მოუგო (2:0), ჩეხეთთან ფრედ (1:1) და სადებიუტო მატჩში თურქეთთან დამარცხდა (1:3).
მერვედფინალში საქართველო ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან - ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა (1:4).
ზურიკო დავითაშვილი 2001 წლის 15 თებერვალს თბილისში დაიბადა. ვარჯიშობდა თბილისის „დინამოს" აკადემიაში. საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი 2017 წლის სეზონზე 16 წლის ასაკში ჩაატარა (6 მატჩი). თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში", შემდეგ ყაზანის „რუბინში", ვოლგოგრადის „როტორში" და ტულის „არსენალში".
2022 წლის აპრილში ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოს" შეუერთდა.
დავითაშვილი „ბორდოს“ 2022 წლის აგვისტოს ბოლოს შეუერთდა და მის შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზეა 6 გოლი და სამი საგოლე გადაცემა.
2018 წელს გაზეთ Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0