დეპუტატი: არჩევნების წინ დასავლეთის განცხადებები ოპოზიციისთვის სასიცოცხლო ჟანგბადია

© Courtesy of Parliament of Georgiaირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2024
გამოწერა
აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. დასავლეთის განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის სასიცოცხლო ჟანგბადია, რადგან მათ არც დიდი რესურსი აქვთ და არც ავტორიტეტი საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ტავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
„გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონის ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა 30 მაისს დაიწყო.
უკვე 6 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში". ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში იყო დაგეგმილი.
„ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციაში, რაც არჩევნების წინ გვაქვს, დასავლეთის განცხადებები ოპოზიციისთვის ერთგვარი სასიცოცხლო ჟანგბადია, რადგან მათ არც დიდი რესურსი აქვთ და არც ავტორიტეტი", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის რაიმე უკეთესის შეთავაზება არ შეუძლია.
„მათი პოლიტიკურ ზედაპირზე ყოფნის ერთადერთი საფუძველი არის დასავლეთიდან წამოსული ეს ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“. ამის გარშემო ტრიალებენ და აქვთ ვაქხანალია ატეხილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა პენტაგონის გადაწყვეტილებაზე „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის (Noble Partner) გაურკვეველი დროით გადადების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება.
„ჩვენ ვხედავთ სხვა განცხადებებსაც, სადაც საუბარია საქართველოსთან თანამშრომლობაზე. მე უფრო მეორე მხარეზე გავაკეთებდი აქცენტს. აშშ-ს ამ რეგიონში საქართველოზე უფრო სანდო მოკავშირე არ ჰყოლია და ეს სანდოობა გამოცდილია ათწლეულების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ეს სტრატეგიული თანამშრომლობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ამ არჩევნების წინ არსებული ვითარება. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ვითარება სულ სხვა სახის იქნება და შეიცვლება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს საკუთარი ეროვნული ინტერესები აქვს, რომელიც უპირველესია და მას ყოველთვის დაიცავენ.
„ზოგჯერ ხდება, რომ ქვეყნებს შორის, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, გარკვეული პერიოდით აზრთა სხვადასხვაობა ან ბუნდოვანება წარმოიშობა, თუმცა, გლობალური და შორს მიმავალი ინტერესები გაცილებით უფრო მეტია, პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება გაცილებით უფრო დიდია", - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, იმას, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობს, არის უალტერნატივო, რაც დღეს თუ არა ხვალ ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება.
„დანარჩენი კი არის განცხადებები, რომელიც დროში უკვალოდ გაქრება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, მათი თქმით აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპულობას“ და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
ყველა ახალი ამბავი
0