კალაძე: არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბდნენ

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2024
გამოწერა
კალაძის თქმით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან ფინანსდებიან, რის გამოც „საქართველოს ვითომ მეგობრები“ ეწინააღმდეგებოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბდნენ, რაზეც ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა და რაც დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ალექსანდრე ზიბზიბაძის სიტყვებით, განაცხადა მმართველი პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციები მაქსიმალურად დაეხმარნენ ოპოზიციას და ახლა მათი ჯერია, განაცხადა „ფრანკლინის კლუბის" თანადამფუძნებელმა ალექსანდრე ზიბზიბაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში. მისი თქმით, დროა სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადავიდნენ.
„არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია", - განაცხადა კალაძემ.
მან ჟურნალისტებს კითხვა დაუსვათ, რამდენად წარმოუდგენიათ განვითარებული ქვეყანა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია ერევა პოლიტიკურ პროცესებში.
კალაძის თქმით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან ფინანსდებიან, რის გამოც „საქართველოს ვითომ მეგობრები“ ეწინააღმდეგებოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას.
„რომ არ შეგიყვანოთ შეცდომაში, მოიძიეთ და დარწმუნდებით, იგი („ფრანკლინის კლუბი) საიდან ფინანსდება. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემოღება. ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ის ჩვენი ვითომ მეგობრები ამ ყველაფერს, რათა ამ სიბინძურეს შემდეგ ღიად ვერ დააფინანსებდნენ", - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლება ხშირად იღებდა არაზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, სინამდვილეში თუ რისთვის ატარებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ტრენინგებს, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.
„მაგალითად, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობელთა ტრენინგი უნდა გამართულიყო და რეალურად რევოლუციაზე საუბრობდნენ. ეს უხერხულობები რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება", - განაცხადა კალაძემ.
„ფრანკლინის კლუბის" არსებობის შესახებ საქართველოში ბევრმა 2023 წლის გაზაფხულზე ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლიდან შეიტყო. მან მარტში „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს „ფრანკლინის კლუბის" წევრები უწოდა, რომლებსაც „ტვინს ურეცხავენ".
კლუბი 2021 წლის ივლისში შეიქმნა. ის წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც კლასიკურ ლიბერალურ ფასეულობებს ავრცელებს. კლუბში სწავლება სკოლის მოსწავლეებისთვის უფასოა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0