„არჩევნების რეპეტიცია": ივლისის განმავლობაში ცესკო ფართომასშტაბიან კამპანიას ახორციელებს

© CESCOარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2024
გამოწერა
პროექტის მიზანია ამომრჩევლებში ხმის მიცემის პროცედურის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ივლისის ყოველ უქმეებზე 11:00-დან 18:00 საათამდე ქვეყნის 64 რეგიონში საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას - ხმის მიცემის პროცესის იმიტაციას გამართავს, იუწყება ცესკოს პრეს-სამსახური.
პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს და პასუხობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.
„ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ინტერესდებიან, დღეისათვის 47 ათასზე მეტ ამომრჩეველს აქვს გავლილი შესაბამისი რეგისტრაცია. აღნიშნული კამპანია მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია სასურველ ლოკაციაზე და ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
პროექტის მიზანი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.
პროექტი თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდება.
მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ნომერზე 2 51 00 51.
მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების შესახებ 400 ათასი ამომრჩეველია ინფორმირებული, უკვე გაიმართა 3 ათასი შეხვედრა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით აირჩევენ. არჩევნები აქამდე შერეული სისტემით იმართებოდა - პარტიული სიებით და მაჟორიტარულ ოლქებში.
პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს.
2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პირველად გაიმართება ელექტრონული სისტემით. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთი საათის შემდეგ ბიულეტენების 90%-ზე მეტი დაითვლება და საჯარო გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0