რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით

© photo: Sputnik / Alexander. Imedashviliთბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2024
გამოწერა
სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში 2024 წლის მეორე კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 37 მლნ ლარის ნაცვლად 37,1 მლნ ლარი გადარიცხა
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს ბიუჯეტს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ 97 მილიონი ლარი მოუტანა, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.
„ექვსი თვის პრივატიზაციის გეგმით გათვალისწინებული 73 მილიონი ლარის ნაცვლად, სააგენტომ 97 მლნ ლარზე მეტი შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც 6 თვის გეგმა 133%-ით შესრულდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, წარმატებული პრივატიზაციის შედეგად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამში 142 მლნ ლარზე მეტი თანხის მობილიზება შეძლო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის ინფორმაციით, აქტიური პრივატიზაციის შედეგად სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში 2024 წლის მეორე კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 37 მლნ ლარის ნაცვლად 37,1 მლნ ლარი გადარიცხა.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში სააგენტომ 506 აუქციონი ჩაატარა.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სააგენტო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას შესთავაზებს.
„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
საპრივატიზაციო ქონების სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფიქრობენ, რომ პრივატიზაციის პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას.
ყველა ახალი ამბავი
0