საქართველოში საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო
გამოწერა
2022 წლიდან დღემდე 12 ეტაპად გამოქვეყნდა იჯარით გასაცემი 48 ათასზე მეტი ჰექტარი საძოვრის ატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები.
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. საქართველოში საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 5 ივლისს დაიწყო და 9 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ.
უწყების ცნობით, აღნიშნული პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას
გავრცელებული ინფორმაციით, დაინტერესებული ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია მეთორმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 184 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 12.440 ჰექტარი.
მათ შორის, ასპინძა - 4, ახალციხე - 2, ნინოწმინდა - 15, ბორჯომი - 23, დმანისი - 17, წალკა - 2, მარნეული - 5, დედოფლისწყარო - 23, საგარეჯო - 4, თელავი - 4, სიღნაღი - 13, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, გურჯაანი - 3, ლაგოდეხი - 3, მცხეთა - 4, ყაზბეგი - 2, დუშეთი - 1, გორი - 9, კასპი - 1, ქარელი - 2, ხაშური - 4, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, ვანი - 6, ზესტაფონი - 1, ჭიათურა - 2, სენაკი - 2, წალენჯიხა - 1, ხობი - 2, ონი - 2, ლანჩხუთი - 3.
პროგრამის ფარგლებში, 2022 წლიდან დღემდე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 12 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 48 ათასზე მეტი ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და მიიღო დაინტერესებული პირების განაცხადები. ამავე პერიოდში იჯარით გაიცა 15,5 ათასი ჰექტარი საძოვარი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1,7 მლნ ჰექტარი საძოვარია.