საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმები გაგრძელდება

© GNERCსემეკის შენობა
სემეკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2024
გამოწერა
ერთი წლის განმავლობაში მთავრობა დააკვირდება ოპერაციებს, თუ როგორ წარიმართება ბირჟაზე ვაჭრობა, როგორ დაგროვდება კომპეტენციები, რათა კიდევ უფრო უმტკივნეულოდ მოხდეს ელექტროენერგიის ბირჟის მოდელზე გადასვლა.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. იგეგმება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმართულებით და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება დამატებითი რეგულირების მექანიზმები, რათა დადებითი გავლენა მოახდინოს ენერგობირჟის მუშაობაზე, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) განცხადებაში.
ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1-ელი ივლისს ნაწილობრივ გაიხსნა, სრული გახსნა ერთი წლით, 2025 წლის ივლისამდე გადაიდო - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე.
„ბაზრის გარდამავალ მოდელზე დაკვირვება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, ხორციელდება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. იმ შემთხვევაში, თუ პროცესები მნიშვნელოვნად აცდება იმ მოლოდინებს, რაც გარდამავალი მოდელის ამოქმედებამდე არსებობდა, გამოყენებული იქნება დამატებითი მარეგულირებელი მექანიზმები ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობაზე პოზიტიური გავლენის მოსახდენად", - ნათქვამია განცხადებაში.
საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.
კერძოდ, ელექტროენერგიის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს და საბითუმო მიმწოდებლებს ამ ეტაპზე ბირჟაზე მონაწილება ეზღუდებათ. ბირჟაზე მონაწილეობა შეუძლიათ მსხვილ მომხმარებლებს, საცალო მიმწოდებლებს და გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის, ხოლო დერეგულირებულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს - ელექტროენერგიის გაყიდვის მიზნით.
მარეგულირებლის განმარტებით, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით ამგვარი შეზღუდვის განსაზღვრა განპირობებული იყო გარკვეული რისკების მაქსიმალური დაზღვევის მიზნით.
GNERC-ში აღნიშნეს, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ბაზრის მექანიზმების დანერგვა ზრდის კონკურენციას, ლიკვიდურობას და გამჭვირვალობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგორესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას, დანახარჯების ამსახველ ფასწარმოქმნებს და მეტ სოციალურ სარგებელს, რაც გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს.
ამ ეტაპზე ბირჟაზე რეგისტრირებულია 6 მონაწილე, ხოლო პოტენციურ მონაწილეთა დიდი ნაწილი აკვირდება მიმდინარე პროცესებს.
„სავაჭრო განაცხადებით შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობა არ გამოიყურება უმნიშვნელოდ, ბაზრის გახსნის ამ ეტაპისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, მათ შორის იმის გამოც, რომ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1-ელი ივლისიდან, ბოლოს კი ბირჟის საბოლოოდ ამოქმედების ვადად 2024 წლის 1-ელი ივლისი დასახელდა.
ახალი ბირჟა – ახალი შესაძლებლობები
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0