კაშია: ნაკრების სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს"

© Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2024
გამოწერა
2 ივლისს ევრო 2024-ის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს" და ქართველ გულშემატკივარს შრომის დაფასებისა და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა.
საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ნაკრებს, გუნდის მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან გასვლისთვის ფონდმა „ქართუმ“ ჯილდოს სახით 30 მლნლარი გამოუყო - აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს.
გურამ კაშიას განცხადებით, ფეხბურთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და სპორტის ამ სახეობის მეტად განვითარებისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა“, – აღნიშნულია კაშიას განცხადებაში.
საქართველოს ნაკრები გერმანიაში გამართული ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, სადაც მერვედფინალში გასვლა შეძლო და ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებს მსგავს დიდ და პრესტიჟულ შეჯიბრებებში მანამდე არ მიუღია მონაწილეობა.
2 ივლისს ევრო 2024-ის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. იმავე დღეს მთავრობამ თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელთა საზეიმო დახვედრა გამართა, სადაც ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის წევრები მედლებითა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო2024-ის ფინალურ ნაწილში 26 მარტს თბილისში, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების წყალობით გავიდა. საქართველომ მეტოქე პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის 1/8-ში გასვლა შეძლო. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა მოიპოვა: პორტუგალიას მოუგო (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1) და თურქეთთან დამარცხდა (1:3).
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეროვნულმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
ყველა ახალი ამბავი
0