არჩევნები საქართველოში: რამდენ მოქალაქეს აქვს ხმის მიცემის უფლება საზღვარგარეთ

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2024
გამოწერა
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები 2024 წლის 7 ოქტომბრამდე უნდა დადგნენ აღრიცხვაზე საკონსულოებში
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. 3 ივნისის მდგომარეობით, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 62,4 ათასი ზრდასრული მოქალაქე იმყოფებოდა, ნათქვამია სადეპუტატო შეკითხვის პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა - საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 7 ოქტომბრამდე უნდა დადგნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, საკონსულო რეგისტრაციაზე 62.485 სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფებოდა. 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 1,399 ადამიანით გაიზარდა.
აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, ისე მასპინძელი ქვეყნის საელჩოში ან საკონსულოში. ამ შემთხვევაში დიპლომატიური წარმომადგენლობაში მისვლა არ არის სავალდებულო, განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ფოსტით. პროცედურა უფასოა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინსტრუქცია, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0