ბოჭორიშვილი: საქართველოს შესახებ დასკვნები მცდარი მოსაზრებების საფუძველზე არ უნდა გაკეთდეს

© Courtesy of Parliament of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2024
გამოწერა
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა პარტნიორებთან დიალოგის საჭიროებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს ორმხრივად სასარგებლოს გახდის
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან ობიექტური და სამართლიანი შეფასება და არ ღირს მცდარ მოსაზრებებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება, განაცხადა ეუთოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბუქარესტში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველო დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ოთხშაბათს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ საბოლოო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ეს „რუსული ტიპის კანონი“ ძირს უთხრის მყიფე დემოკრატიას და მოსახლეობის ევროატლანტიკურ არჩევანს.
„ძვირფასო კოლეგებო, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას მცდარი აღქმების საფუძველზე! შეხედეთ ციფრებს და ეძიეთ ფაქტები და ბევრად მეტ პასუხს მიიღებთ ფაქტებისგან, ვიდრე არასაჭირო სპეკულაციებისგან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია.
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ევროპულ კურსზე მუდმივი სპეკულაცია და ამ თემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება მხოლოდ აფერხებს საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ და ეს მხოლოდ ჩვენს ოპონენტებს აძლევს ხელს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამწუხარო მცდელობებზე საქართველოს ხალხისა და ხელისუფლების ნების ერთმანეთისგან გამიჯვნის წარმოჩენაზე მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისწრაფვის ევროპისკენ, 85%-ზე მეტს სურს ევროკავშირში წევრობა და ამ ადამიანების უმეტესობა, თავის ევროპულ მომავალს სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას ანდობს, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების წინაშე არსებული ამოცანების სირთულე.
„არ არის მარტივი ამოცანა ამ ტურბულენტურ დროში იზრუნო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე და, ამავდროულად, უზრუნველყო სტაბილური დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, ქართულმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ოთხშაბათს მიღებულ ბუქარესტის დეკლარაციას რეზოლუციებით მხარი არ დაუჭირა, რადგანაც იგი შეიცავს საქართველოსთვის მიუღებელ ჩანაწერებს არჩევნებთან და პოლარიზაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ტექსტში საქართველოსთვის მიუღებელი ჩანაწერები ამერიკის დელეგაციის ინიციატივით გაჩნდა.
დეკლარაციაში საუბარია ეუთოს ინსტიტუტების მიერ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შექმნის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოტენციური დარღვევების ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება მოხდეს კენჭისყრამდე საკმაოდ ადრე და ძირს უთხრის კენჭისყრის დემოკრატიულ სამართლიანობას.
სამხარაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დეკლარაციაში ეუთოს არც ერთი წევრი ქვეყანა, სადაც ჩატარდა არჩევნები და სადაც მისი გამართაა დაგეგმილი, დეკლარაციაში არ არის ნახსენები, რაც დაუბალანსებელი მიდგომაა.
ამასთან, სამხარაძემ მიზანმიმართული დისკრიმინაციას უწოდა საქართველოს გამოყოფას როგორც, სადაც პოლარიზაცია პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, პოლარიზაცია არის აშშ-ში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ეუთოს სხვა წევრ ქვეყნებში.
დეკლარაციაში საუბარია საქართველოს მყიფე დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური არჩევანის შელახვაზე ხელისუფლების მიერ პოლიტიკისა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღებით, მათ შორის „რუსული ტიპის“ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებით.
დეკლარაციის თანახმად, აღნიშნული კანონი ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა, და აქციის მონაწილეებზე თავდასხმები. ხელისუფლება უნდა ისწრაფვოდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებას, რათა შეამციროს პოლარიზაცია საქართველოში, ნათქვამია დეკლარაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0