პრემიერი: საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა გაგრძელდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2024
გამოწერა
საქართველოში 70 ათას ადგილზე გათვლილი ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმება
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქართველი ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებთან.
2 ივლისს, ევრო 2024-ის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. იმავე დღეს მთავრობამ თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელთა საზეიმო დახვედრა გამართა, სადაც ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის წევრები მედლებითა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
„,მხარდაჭერის გარეშე დიდი წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც ცხრა წლის წინ დაიწყო. ამან საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რაც დღეს ქართულ ფეხბურთს აქვს… რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას, ეს პროგრამა არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს“, -განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, წინ უნდა გავიხედოთ და გვჯეროდეს, რომ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველოდება.
მისი თქმით, მთავრობა ფეხბურთის ფედერაციასთან ბავშვთა ფეხბურთის განვითარების თემასას განიხილავს, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მომავალ წარმატებებს.
„ჩვენ ასევე ვაპირებთ ახალი, თანამედროვე სტადიონის აშენებას, რაც წარმატების წინაპირობა იქნება, რადგან გულშემატკივარსა და ფეხბურთელებს შორის მეტი ემოციური კავშირია საჭირო. ახალ სტადიონზე ეს იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფეხბურთის და რაგბის მატჩებისთვის 70 ათას ადამიანზე გათვლილი სტადიონის მშენებლობის შესახებ მიმდინარე წლის აპრილში გახდა ცნობილი.
ახალი სტადიონი იქნება „ინგლისური სტილის“, ანუ მაყურებელთა სკამებსა და მოედანს შორის სარბენი ბილიკის გარეშე. მშენებლობის სავარაუდო ადგილი ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. მშენებლობა 2028 წლისთვის დასრულდება.
რაც შეეხება ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიას, სახელმწიფო ჯილდოები - მედლები და ღირსების ორდენები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ წარდგენილმა 53-ვე პირმა მიიღო.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენზე წარდგენილი სიიდან 19 პირი ამოიღო.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეროვნულმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
ყველა ახალი ამბავი
0