უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

© photo: Sputnik / Stringerგულშემატკივანი სტადიონზე
გულშემატკივანი სტადიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2024
გამოწერა
ჯარიმები სხვადასხვა დარღვევის გამო გამოიწერა, მათ შორის, ჰიმნის შესრულების ჩაშლისთვის
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის დაწყებამდე დორტმუნდის სტადიონზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების გულშემატკივრებს შორის ხანმოკლე შეტაკების გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 ათასი ევროთი დააჯარიმა, იუწყება გერმანული მედია.
საქართველო-თურქეთის მატჩი 18 ივნისს გაიმართა, რომელშიც ეროვნული გუნდი დამარცხდა ანგარიშით 1:3. მეტოქის კარში ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ორი გუნდის გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო უეფამ დააჯარიმა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაც - 25 ათასი ევროთი.
ამასთან, 20 ათასი ევროთი (ორჯერ) დაჯარიმდა მასპინძელი გერმანია პორტუგალია-თურქეთისა და პორტუგალია-საქართველოს მატჩების დროს მოედნის უსაფრთხოების არასათანადო უზრუნველყოფისთვის.
შეხვედრის დროს და მის შემდეგ მოედანზე ბევრი გულშემატკივარი გავიდა პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუსთან სურათების გადასაღებად.
გულშემატკივართა ქცევის გამო ასევე დაჯარიმდა რვა ნაკრები (უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია). ტურნირში მონაწილე 24 ქვეყნიდან 21-მა მინიმუმ ერთი ჯარიმა ჯგუფური ეტაპის ფარგლებში მიიღო - ჯარიმას მხოლოდ საფრანგეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი გადაუჩა.
ყველაზე დიდი ჯარიმები ხორვატიას (220.875 ევრო), ალბანეთს (171.375 ევრო) და სერბეთს (166.625 ევრო) დაეკისრა.
მთლიანობაში ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უეფამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები 1,2 მლნ ევროთი დააჯარიმა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი მერვედფინალში ესპანეთთან თამაშით დაასრულა - „ჯვაროსნები" ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ოთხი ქულა დააგროვა. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას მოუგო (2:0), ჩეხეთთან დაზავდა (1:1) და თურქეთთან დამარცხდა (1:3).
ყველა ახალი ამბავი
0