საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 5% შეადგინა

© photo: Sputnik / Stringerნარიყალა
ნარიყალა - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2024
გამოწერა
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა პირველ კვარტალში 71,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 1%-ია.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2024 წლის პირველ კვარტალში 351,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლიურად 5,5%-ით შემცირდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა –5,5%-დან –5%-მდე გაუჯობესდა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მეტად დეფიციტური კომპონენტია საქონლით ვაჭრობა, რომლის უარყოფითმა სალდომ პირველ კვარტალში 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 8,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, საქონლის ექსპორტი 9,8%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 2,1%-ით გაიზარდა.
ტურისტული სერვისების ექსპორტმა 2024 წლის პირველ კვარტალში 807,7 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 1,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შემოსავლების ბალანსი უარყოფითია და 377,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 3,6%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 6,7%-ით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 18,4%-ით გაიზარდა და 2024 წლის პირველ კვარტალში 925,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 18,3%-ით, 850,9 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა პირველ კვარტალში 71,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 1%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0