საქართველო-ესპანეთი: ევროპის ჩემპიონატის 1/8 მატჩს მსოფლიო მედია ეხმაურება

© AP Photo / Darko Vojinovicსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2024
გამოწერა
ესპანეთთან მარცხის შედეგად საქართველოს ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების თამაშმა, მიუხედავად ესპანეთთან დამარცხებისა, მსოფლიო მედიაში დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
„თუმცა მათი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩნენ იმით, რაც ნახეს. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები საფინალო სასტვენის შემდეგ საკუთარ ადგილებზე დარჩნენ და დიდხანს უკრავდნენ ტაშს თავიანთ ფეხბურთელებს“, – წერს BBC.
„საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ მოაწყო. მოუთმენლად ველოდებით მასთან შეხვედრას მომავალ ტურნირებზე", - წერს გამოცემა Fox Soccer.
„ტურნირზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მათ უკვე დაწერეს ისტორია. პორტუგალიასთან გამარჯვება და 1/8 ფინალში გასვლა სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში", - წერს The Guardian .
„ესპანელების მიერ მე-18 წუთზე გატანილმა ავტოგოლმა კიდევ ერთხელ გამოიწვია ქართველი გულშემატკივრების ხმაური და ესპანეთის ნაკრებიც შოკში ჩააგდო, მაგრამ ესპანელებმა მალევე შეძლეს მობილიზება და ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი კიდევ სამი გოლი გაუტანეს ქართველებს და მეოთხედფინალის საგზური დაიმსახურეს“, - წერს Independent.
„დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, მამარდაშვილმა კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა და 9 ბურთი მოიგერია. საქართველოსთან გაუშვა ესპანეთის ნაკრებმა პირველი გოლიც. აქამდე ესპანეთი კარს „მშრალად" ინახავდა“, - წერს MARCA.
„საქართველოსთან მატჩში ესპანეთმა ტურნირის პირველი გოლი გაუშვა, მაგრამ მატჩის პირველი ტაიმის დასრულებამდე 6 წუთით ადრე როდრიმ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, რასაც მოჰყვა მამარდაშვილისთვის გატანილი კიდევ 3 გოლი", - წერს France 24.
მერვედფინალურ მატჩამდე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს შვიდჯერ შეხვდნენ. საქართველოს ბედმა მხოლოდ ერთხელ - 2016 წელს გაუღიმა. მაშინ ამხანაგურ მატჩში ქართველები უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ - 1:0. დარჩენილი შეხვედრები ესპანეთს დარჩა. ვილი სანიოლის გუნდმა ყველაზე დიდი მარცხი 2023 წლის სექტემბერში განიცადა - 1:7.
წაგებული მატჩიდან მალევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნულ გუნდს ესპანეთის ნაკრებთან ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი ევოლუცია განიცადა და ფანტასტიკური გუნდური თამაში აჩვენა.
რაც შეეხება ესპანეთს, იგი მეოთხედფინალში გერმანიას შეხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0