რუსეთმა შესაძლოა ქართული ღვინის იმპორტზე დაწესებული შეღავათები გააუქმოს

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2024
გამოწერა
გადასახადის შემოღების შემდეგ რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა 50%-ზე მეტით შემცირდა, მიაჩნია პოლიტიკოსს.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. რუსეთში ღვინოებზე იმპორტის გადასახადის განაკვეთის ზრდამ, შესაძლოა, მეზობელ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა გაანახევროს, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ.
2023 წელს რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნებიდან ღვინოების იმპორტის გადასახადი 12,5-დან 20%-მდე გაზარდა, მაგრამ არანაკლებ 1,5 დოლარისა ლიტრზე. ქართულ პროდუქციას ეს არ შეხებია და მისი შეტანა ძველი განაკვეთით გრძელდება.
ფიფიას თქმით, 2024 წლის აგვისტოდან რუსეთის მთავრობა განიხილავს „არამეგობრული ქვეყნების“ ღვინოების შეტანისთვის დაწესებული გადასახადის განაკვეთის 12,5%-დან 25%-მდე ზრდას. გარდა ამისა, მიმდინარეობს მსჯელობა ქართულ ღვინოებზე გადასახადების გაზრდის შესახებაც. დღეისთვის რუსეთში ქართული ღვინო გადასახადის გარეშე შედის.
„ვფიქრობ, ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა 50%-ზე მეტით შემცირდება, ეს მაშინვე არ მოხდება, მაგრამ იმის ფონზე, რომ ქართული პროდუქცია გაძვირდება, რუსულ დახლებზე მას უფრო იაფი ღვინო ჩაანაცვლებს, მათ შორის რუსულიც, რომელიც ბოლო წლებში ხარისხით არანაირად არ ჩამოუვარდება ქართულს“, - განაცხადა ფიფიამ.
ფიფიას თქმით, ბოლო წლებში რუსული ღვინის ხარისხი, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში წარმოებული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, რუსი მეღვინეებისთვის მთავარი კონკურენტი ქართველი მწარმოებლები არიან, რადგანაც რუსული და ქართული ღვინოები დღეს ერთნაირ საფასო და ხარისხის სეგმენტშია.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული ღვინოების გაძვირების შემთხვევაში რუსული ღვინოები იაფი იქნება, ძნელი მისახვედრი არ არის, რა არჩევანს გააკეთებს მყიდველი“, - აღნიშნა მან.
როგორც ფიფიამ განმარტა, ინიციატივის მთავარი მიზანი რუსული ღვინის გაყიდვების გაზრდა და რუსეთში მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობაა.
„რუსეთი იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით. მაგრამ ჩვენი პარტია ითხოვს მორატორიუმის დანერგვას საქართველოსთვის და სიახლის თანდათანობით დანერგვას, რათა ქართველმა მწარმოებლებმა შეძლონ ახალ რეალობასთან ადაპტირება და გაყიდვის ალტერნატიული წყაროების პოვნა“, - განაცხადა ფიფიამ.
პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელობასთან, რათა სთხოვონ საქართველოსთვის იმპორტის გადასახადის განაკვეთის შემოღებაზე მორატორიუმის ადწესება და ამ გადასახადის თანდათანობით შემოღება.
რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში შედის 50 სახელმწიფო და ტერიტორია. აქ არიან რუსეთის ფედერაციაში ღვინის ძირითადი მომწოდებლებიც - იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და სხვა.
„როგორც წესი, როდესაც გადასახადები იზრდება, ეს მოქმედებს, ერთი მხრივ, გაყიდვების მოცულობაზე, ხოლო მეორე მხრივ, მოგების მოცულობაზე, ვფიქრობ, ქართველი მეწარმეები, რომლებიც ორიენტირებული არიან რუსულ ბაზარზე, გარკვეულწილად დაზარალდებიან“, - განაცხადა ეკონომიკურმა ექსპერტმა სოსო არჩვაძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
მეორე მხრივ, მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ალტერნატიული ბაზრების ძიებას და საექსპორტო პოტენციალის დივერსიფიკაციას.
„არაა სრულიად ბუნებრივი, რომ ქართული ღვინის ექსპორტის თითქმის 70% რუსეთის ფედერაციაზე მიდის. მეორე მხრივ, სანამ ჩვენთვის უცნობია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რთულია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ რუსი მომხმარებელი კარგად იცნობს ქართულ ღვინოს და ვფიქრობ, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის მიწოდების შემცირების პროცენტი გადასახადის შემოღების შემდეგ უმნიშვნელო იქნება“, - განაცხადა ექსპერტმა.
უკვე მრავალი წელია რუსეთი ქართული ღვინის მთავარ მყიდველად რჩება. 2024 წლის ხუთი თვის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია 104,5 მილიონი დოლარის ღირებულების 38,7 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, რაც 2023 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 51,2%-ით მეტია. მთლიანობაში, მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველომ 140,7 მილიონი დოლარის ღირებულების 35,9%-ით მეტი ღვინო გაიტანა ექსპორტზე.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია
2023 წლის მონაცემებით, ღვინო საქართველოდან ექსპორტის მხრივ მესამე ადგილზე იყო და მთლიანი ექსპორტის 4,3%-ს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში 168,3 მილიონი დოლარის ღირებულების 62,3 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც 4,6%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მილიონი ლარიდან 2023 წელს 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2024 წელს იგეგმება უკვე 16 მილიონის დახარჯვა.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშია კულტივირებული/ სადღაც 500 ჯიშს მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ​​შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0